ამბავი მარტინისა, ბუდუარისა და ქმრებისა და ცოლების სკოლებისა
დამატების თარიღი: 2012-11-08 15:15:00
ავტორი: გიორგი კილაძე

დღეს მარტინის ფილოსოფიაზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ რად გინდა...  ვიდრე წერას დავიწყებდი ზუსტად ექვსი საათი გამხდარა და მე, როგორც წესი ფეისბუქიდან  გამოვედი და ვისიმე  ბლოგის კედელზე ვაპირებდი აცოცებას. მოლი ბლუმის გვერდზე ავცოცდი და ერთი პოსტის შთაბეჭდილებას გიზიარებთ, თუმცა ეს ის გაზიარება როდია დაშიარებას, რომ ვეძახით ახალქართულად.

 

დარწმუნებული ვარ თავად მოლი ბლუმმა არ იცის რომელ პოსტზე ვაპირებ ახლა დაწერას, თუმცა ზუსტად ვიცი, მიხვდება... მარტინი ხო ვახსენე?  ოპტიმისტი  პანგლოსის, პასიმისტ მარტინით ჩანაცვლებას ხო ვაპირებდი?! მაგრამ, რადგან მე ფილოსოფოსი კი არა (ყოფილი!!!)  ეკონომისტ–მათემატიკოსი გახლავართ, სულაცარაა ჩემთვის უცხო საკუთარი აზრებისა და გადაწყვეტილების უარყოფა/ შეცვლა და ამიტომ მარკიზ დე სადის არა ოპტიმისტურ, არა პესიმისტურ, არამედ ბუდუარულ ფილოსოფიის მოლისეულ გაგებაზე ვისაუბრებ.

 

“დამმარხეთ უსიერ ტყეში და საფლავს რკო მოაყარეთ, რათა ზედ ფესვმაგარმა მუხამ იხაროს და პირისაგან მიწისა აღგავოს ჩემი ნაკვალევი” – ასეთი უჩვეულო ანდერძი დაუტოვა შთამომავლებს ადამიანმა, რომელსაც, მძაფრი თვითკრიტიკისთვის მიზეზი, თითქოს, არც გააჩნდა – მთელი სიცოცხლე იმის კეთებას ცდილობდა, რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არც ერთ წინაღობას არ შეპუებია”. ასე იწყება პოსტი და ამგვარი დაწყება ფიქრსა და  სადარდებელს მიჩენს.

 

ბლოგი კითხვების დასმის თვალ/ყურწარმტაცი ადგილია და მე ვეკითხები: მოლის ორი/სამი ”სამწლიანი” მუხის დარგვა რატომ არ შეიძლებოდა, სადის კარგადმოსწორებულ საფლავზე ნეტავი?! რა თქმა უნდა შეიძლებოდა, როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ  კაცია, თანაც რა კაცი! ... და მაინც ყველა ბლოგერი განა სულ ცოტას მაინც იმას არ აკეთებს რაც მოესურვება, წინაღობას ეპუება თუ რაშია საქმე?!... ჰოდა, მოვრჩები ახლა სადის ბუდუარულ  ფილოსოფიას  და მარტინის ნაცვლად, სიდზე წავიჭორავებ... ანუ წავიტვიტერებ...

 

ტიტვერსა და ფეისბუქზე არა მაგრამ სიდზე ფიქრისას დღენიადაგ სერიალები მახსენდება, სადაც უმცირესი გამონაკლისის გარდა, მთავარი გმირები  ხიმენა და დონ დიეგო არიან...  ახლა გულზე კიდევ ერთხელ დაიდეთ ხელი, თუ გნებავთ დაიბრაგუნეთ  და მითხარით, ბლოგსა და ბლოგერებზე მეტი ვიცი თუ სხვადასხვა ქვეყნის სერიალებზე სადაც... მთავარი მოქმედი გმირი, უმრავლეს შემთხვევაში, დათო ბარბაქაძის გახმაურებული ნაწარმოების გმირებია... და სადაც თანამედროვე საკითხავები, არაფრით ჩამოუვარდებიან  ”ქმრებისა და ცოლების სკოლებს".

 

სათქმელი ისევ გამიგრძელდა, უკვე თერთმეტის ნახევარია და უნდა დავიძინო, ხვალ კი მობილური ტელეფონებისა და თელასის სერვისცენტრებს რომ ჩავუვლი, აუცილებლად ხმამაღლა გავიფიქრებ: ახლა თბილისში ორშაბათი კვირის სხვა დღეებისაგან მხოლოდ ძილადყოფნის საათებით განსხვავდება და მთავარია ”ბრიტანიკუსი” და  მარშალი ბეტანკური ერთმანეთში არ ავურიოთ.  სხვათა შორის არც იპოლიტისა და იპოლიტენის ერთმანეთში არევ–დარევა გვმართებს.

ვიცი არ აგვერევა და ამიტომ ახლა მართლა ვამთავრებ... ოღონდ სადის ვერგათავისებულული სიტყვებითა და შეგონებით  ”პურიტანი არასოდეს ვყოფილვარ, თავისუფლების ფასიც კარგად მესმის და იმასაც ვხვდები, რომ ლიტერატურას (და არა მარტო) მეამბოხეობა უხდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ  ფანატიკური, ყალბი მორალიზმი და ზღვარგადასული ცინიზმი დიდად არაფრით განსხვავდება. ზნეობის, სამართლისა და თანაცხოვრების ელემენტარულ წესებთან შეუგუებელი ადამიანებისთვის კი ერთი ძველი მაქსიმა არსებობს – “გიჟი თავისუფალია”.

 

ბლოგერების თავისუფლები არიან... და მაინც ნუ აურევთ ერთმანეთში ბლოგერებსა და გიჟებს, რადგან როგორც ცხონებული ბენედიქტ სპინოზა იტყოდა თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ შეცნობილი აუცილებლობაა და მეტი არაფერი... ასეც რომ არ იყოს, კაცმა არ იცის მე უფრო გიჟი ვარ თუ ის ვისაც ბავშვობაში, ჩემდა სამარცხვინოდ,  გიჟად მოვიხსენიებდი.