გოლდბერგის ფორმულა და სექსი (ნაწილი მეორე)
დამატების თარიღი: 2012-11-16 12:28:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

გაგრძელება. დასაწყისი იხ.

 

ასე ლაპარაკში მივედით სამსახურთან. არ ვიცი, რამდენ უპატრონო, მშიერ ბავშვს დავეხმარე ჩემი მოქმედებით. კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. კაბინეტში შევედი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შედარებით მშვიდობიანად დავშორდით. სხვა შემთხვევებში, ის მიყვებოდა თავის სექსუალურ თავგადასავლებზე: როგორ ჟიმაობდა თავის მდივანთან კაბინეტში, ტყეში, ბუჩქებში, აგარაკზე, მანქანაში. როგორ ჟიმავდა სხვა თანამშრომელ ქალებს, მათ დაქალებს, მათ მეზობლებს და სხვა. ამ ეპიზოდების მოყოლა მას ძალიან ეხერხებოდა. ლაპარაკობდა როგორც ქალის, ასევე კაცის ხმით. ყველაფერს გამოხატავდა ისე, როგორც მოხდა, რამდენადაც ამის საშუალებას მანქანის სალონი აძლევდა. ერთხელ ისე შევიდა როლში, რომ სექსუალური აქტის დამთავრება რაღაც ყმუილით და ქალის კვნესით გამოხატა. საჭეს ხელი გაუშვა, კინაღამ ავარია მოახდინა. სამსახურში რომ მომიყვანდა, პერანგი სულ სველი ჰქონდა, სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა, ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა. მეც მხარს ვუჭრდი შეძახილებით, გაკვირვებით, გაოცებით. ჩემს კაბინეტში რომ შევიდოდი, ადამიანად აღარ ვარგოდი. ნახევარი საათი მაინც მჭირდებოდა გონს რომ მოვსულიყავი. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ჩემი სამსახური თავისუფლების მოედანთან ახლოს იყო და არა ვაკის პარკთან, თორემ ნამდვილად ვერ გავუძლებდი კიდევ რამოდენიმე ისტორიის მოსმენას. ასე რომ, მისი დანახვა მაინცდამაინც არ მიხაროდა. ალბათ, ამ ისტორიებს სხვასაც უყვებოდა, მაგრამ ეტყობა, ჩემნაირი მხარდაჭერა არავისგან ჰქონდა, ან მის მონაყოლში ეჭვი შეჰქონდათ.

ყოველთვის ვფიქრობდი რაში სჭირდებოდა მას პირადი ინტიმური ამბების  მოყოლა. ეტყობა მას ბავშვობაში სათამაშოები არ ჰქონდა. ქალებთან მორცხვი იყო, საკმაოდ გვიან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ლარისა ივანოვნასთან. მერე ფული იშოვა, მანქანა, აგარაკი და იმ დაკარგული წლების ანაზღაურება უნდოდა, თორემ სექსს ყველა პატივს სცემს, მაგრამ ასე არ იქცევიან.

ადამიანის ვნებები ყოველთვის ფხიზლობენ და შემთხვევას ეძებენ თავის გამოჩენისა. ჩემს მეზობელს სამსახურში ამის დიდი საშუალება აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა, რომ ფული ყველაფრის შემძლე არ აღმოჩნდა. თავისთავად, სექსი სრულებითაც არ წარმოადგენს ბოროტებას, პირიქით, რაც უფრო ვიკმაყოფილებთ მას, მით უფრო ბედნიერნი ვართ, მთავარია სწორი მიმართულება მივცეთ, რათა არჩევნების დროს ხელი არ შეგვიშალოს.

ერთხელ ჩემს კაბინეტში რაღაცას ვსაქმიანობდი. უცებ, ოთახში ლამაზი ქალი შემოვიდა. ის იმდენად მიმზიდველი და სექსუალური იყო, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ლამაზი ქალი 17 წელია არ შემხვედრია. სად არ ვყოფილვარ, რუსეთში, ევროპაში, აზიაში, ხაშურშიც კი ნამყოფი ვარ, მაგრამ ასეთი მომხიბლავი ქალი არ მინახავს. აღარც კი მახსოვს რაზე ვილაპარაკეთ. მისი წასვლის შემდეგ მექანიკურად უჯრა გამოვაღე და გოლდბერგის ფორმულას დავუწყე ძებნა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვე ჩემს მეგობარს და კოლეგას, პროფესორ ემზარ ჯგერენაიას, რომელმაც იცის რა ხდება ცაში და მიწის ქვეშ, სოციოლოგიც არის, ფილოსოფოსიც და ფსიქოლოგიც.

ჩემო მერაბ,

მე მხოლოდ სოციოლოგი ვარ და ფილოსოფოსობას და ფსიქოლოგობას ვერ დავიჩემებ. თუმცა, შენი არ იყოს, გოლდბერგის თეორიით მეც ვიყავი გატაცებული. გოლდბერგი ფიზიკოსია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის ასევე ცნობილი ფსიქიატრი და ანთროპოლოგიც იყო. გოლდბერგი ძალიან დავალებულია ჩვენი, ქართველი, ფსიქიატრის, ოტია ღვინერიასაგან. ოტია და გოლდბერგი გერმანელი ფსიქოლოგის ვუნდტის მოწაფეები იყვნენ. ბატონმა ოტიამ სწორედ ვუნდტის სემინარზე წაიკითხა მოხსნება „საკუთრივ ცხოველური და საკუთრივ ადამიანური“ (Eigentlich Tierische und eigentlich  Menschliche, 1889). მან ადამიანური და ცხოველური ნიშან-თვისებების ცხრილი შეადგინა. აი, ეს ცხრილი, ჩემო მერაბ:

 

ცხოველისათვის დამახასიათებელი ნიშნები

ადამიანისათვის დამახასიათებელი

ნიშნები

ინდივიდუაცია

ინდივიდუალიზმი

ამოცნობა

მეხსიერება

სიამოვნება, სქესობრივი ლტოლვა

ღირებულებები, სიყვარული

ცნობიერების სივიწროვე

ყურადღება

ნდომა

ნება

 

ოტია ღვინერია ამტკიცებდა, რომ ადამიანს ერთდრულად აქვს ცხოველური და ადამიანური ნიშნები.

- მერაბ, მე წავიკითხე მაშინდელი გერმანული პრესისა და სამეცნიერო წრის გამოხმაურებები ოტია ღვინერიას მოხსენებაზე და უნდა გითხრა, რომ XIX ს. ოთხმოცდაათიან წლებში ოტია ღვინერია არა მარტო გერმანული სამეცნიერო საზოგადოებისათვის, არამედ მთელი ევროპული აკადემიური წრისათვის გახდა ცნობილი. იმასაც ამბობენ, რომ მოხსენების შემდეგ მას მარიანა ვებერი გამოეხმაურა და ჰაიდელბერგში, მის ინტელექტუალურ სალონში, მოხსენების წაკითხვა სთხოვა. ხოლო ამას წინათ თომას მანის დღიურებში ასეთ ჩანაწერს მივაგენი: „ჩემი მოთხრობის, „სიკვდილი ვენეციაში,“ იდეა ქართველი მეცნიერის, ოტია ღვინერიას, ვუნდტის სემინარზე წაკითხულმა მოხსენებამ შთამაგონა. მოგვიანებით, ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას მოვუყევი. ბატონ კონსტანტინეს მე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევხვდი.  ციხეში ყოფნისას მან თბილი წინდები და საცვლები გამომიგზავნა. ქართველები გამორჩეულად თავაზიანი და ნიჭიერი ხალხია.“

ოტია ღვინერიას ნაშრომზე დაყრდნობით შეიმუშავა გოლდბერგმა ცნობილი ფორმულა:

 

                                                                                               

 

ამ ფორმულით გოლდბერგმა ცხოველური და ადამიანური თვისებების იდეალური შეხამების მოდელი შექმნა. ფორმულაში H ადამიანს, T- რომანტიკულ სიყვარულს, ხოლო ph ცხოველურ თვისებებს აღნიშნავს. თუ მათი შეფარდება ორს უდრის, მაშინ საქმე გვაქვს „იდეალურ ადამიანთან“.

ჩემო მერაბ,

შენი პერსონაჟის ხასიათი შეგიძლია ამ ფორმულით დაადგინო. თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში მას არ მიმართავენ, რადგან მისი გამოყენება პოლიტიკურად არაკორექტულად ითვლება. ფრთხილად იყავი! ეშმაკს არ სძინავს.

 

პატივისცემით,

ემზარ ჯგერენაია, სოციოლოგი.