არ მოგკლებოდეთ მადლიერი მკითხველი...
დამატების თარიღი: 2012-11-21 11:10:00
ავტორი: თამარ კობახიძე

ბიბლიოთეკა, რომელიც თავისი წიგნადი ფონდით, მართლაც, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკაა, უპირველესად იმით არის გამორჩეული, რომ მასში რაღაც განსაკუთრებული გარემოა. ამ გარემოს კი ბიბლიოთეკის თანამშრომლები ქმნიან.

პერიოდულად, სხვადასხვა მიზეზების გამო, როცა "საჯარო" იკეტებოდა, სხვა ბიბლიოთეკებში დავდიოდი...  მაგრამ ის რაღაც განსაკუთრებული შრომის სურვილი, უფრო ზუსტად - აზროვნებისათვის ეგზომ აუცილებელი შინაგანი განწყობა - სწორედ "საჯაროშია" გამეფებული.

კატალოგისტები (მეშინია, რომელიმე გამომრჩეს), განსაკუთრებით ქართველოლოგიის განყოფილებიდან, ბიბლიოთეკარები, რომლებიც უშუალოდ მკითხველს ემსახურებიან - მოკლედ ყველანი ერთად, იმდენად კეთილსინდისიერები და გულწრფელები არიან , რომ შეიძლება ვერც დაიჯერო, რომ დღეს ურთიერთობათა ასეთი მაღალი ტრადიციული კულტურა არსებობს.

42 წელია "საჯაროს" მკითხველი ვარ. ასე ინება ბედისწერამ, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობდი : "კოლხური სამეფო სამოსელი", "კოლხეთის მეფის კვერთხი",  "კოლხეთის მეფის სამეფო გვირგვინი", "ქართულ-კოლხური დამწერლობის სათავეებთან, "კოლხეთის ერისთავი ქუჯი", "კოტე აბხაზი", "გიორგი ლეონიძე", "მეფე ადერკი", "ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიცია", "არჩილ დიდი", "ტერმინი"ივერია" ილიას გაგებით", "კავკასიონის მწვერვალები", "მოსეს გალობის ერთი მონაკვეთის გააზრებისთვის", "ქართული სამეფო გვირგვინი"...

სათაურებიდანაც ცხადია, რომ, ძირითადად, მუშაობა ქართველოლოგიის განყოფილებაში მიწევს. ვინც იყო ამ განყოფილების მუშაკი, დიდი მოკრძალებით და პატივისცემით ახსენდება ყველას, ვინც არიან - შესანიშნავი ადამიანები, შეიძლება ითქვას, ნამდვილი მამულიშვილები არიან, რადგან სამშობლოს სიყვარული, მგონი, ყველაზე უკეთ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში გამოიხატება...

ახლა ისევ წმინდანად შერაცხული დიდი მეფის არჩილ II-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ მასალებზე ვმუშაობ...

 უფრო ზუსტად ვმუშაობთ ბიბლიოთეკარები და მე... ყველა ჩემი ნაშრომის 50 % ბიბლიოთეკარების შრომაა ! დიდი მადლობა მათ!

 არ მოგკლებოდეთ მადლიერი მკითხველი...

 მიუხედავად კომპიუტერის უდიდესი შესაძლებლობებისა, ბიბლიოთეკარის შეცვლა მას არ შეუძლია, რადგან ბიბლიოთეკარი ხშირად ასოციაციითა და ქვეცნობიერი განწყობით ეძებს... განწყობასა და  ასოციაციაციას კი მანქანა ვერ აღიქვამს და ვერც გაანვითარებს...

 დიდი მადლობა ! .... განვითარებიდან ნარი არ ამოიღოთ ! - ნარი ძველ ქართულში და ანბანშიც ციხე - სიმაგრეს ნიშნავს ! 

                                                                                დიდი სიყვარულით თქვენი თამარ კობახიძე

 ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორის მოადგილე