ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გამოცემა
დამატების თარიღი: 2018-02-08 10:21:00
ავტორი: ნინო ხვედელიძე

ვეფხისტყაოსნი 1888 წლის გიორგი ქართველიშვილისეული გამოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სხვა მნიშვნელოვან გამოცემათა შორის. 1880 წელს ქართველი ხალხის ეროვნული სიმდიდრის უნაკლოდ გამოსაცემად დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენა ითავა. წიგნზე მუშაობა რვა წელიწადს გაგრძელებულა. გამოცემას სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი, ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი და ნიკო დადიანი. ვეფხისტყაოსნი  პირველი აკადემიური გამოცემაა.  წიგნის გამოცემა  გიორგი  ქართველიშვილმა დააფინანსა და მთელი ტირაჟი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა საჩუქრად. იგი პოემის „ქართველიშვილისეულ გამოცემა”-დაა ცნობილი. ილუსტრაციების შექმნა ცნობილი უნგრელი მხატვრისათვის მიხაი ზიჩისათვის შეუთავაზებიათ. ზიჩი დაინტერესდა ამ საქმით და პოემის შინაარსის გაცნობა მოინდომა. იონა მეუნარგია მურიეს, ბეტა და არტურ ზუტნერების დახმარებით  შეუდგა პოემის თარგმანს. მიხაი ზიჩმა წიგნისათვის სურათები უსასყიდლოდ დახატა, შეასრულა 27 ილუსტრაცია, ამათგან ერთი ფერადი ილუსტრაცია  სანკტ-პეტებურგში  დაიბეჭდა.