გოლემი : რომანი
დამატების თარიღი: 2019-05-01 14:04:00

"გოლემი" ავსტრიელი მწერლის გუსტავ მაირინკის გამორჩეული ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად უდევს თქმულება წარმოსახვითი არსების, გოლემის, შესახებ, რომელიც ერთ რაბინს საუკუნეების წინ შეუქმნია და კაბალისტიკური შელოცვით გაუცოცხლებია. უფლის ქმნილება, ადამიანი, შემოქმედად იქცა. რომანში მოქმედება მიმდინარეობს პრაღის გეტოში- ებრაელთა სრულიად იზოლირებულ, უნიკალურ და თვითმყოფად უბანსი. აქ მცხოვრებთა ვნებები და განცდები სცდება მიწიერთა შესაძლებლობებს. კეთილსინდისიერებას, სიხარბესა თუ შურისძიების წყურვილს ადამიანი ვეღარ იტევს საკუთარ თავში და მზადაა, მთელ სამყაროს გადმოაფრქვიოს. აქ სისხლის ძახილს პერსონაჟი ტრაგედიამდე მიჰყავს. რომანში კარგად არის ნაჩვენები ებრაელთა ტანჯული არსებობა და ბედისწერა. ორი პერსონაჟის - ჰილელისა და ვასერტრუმის-სახით მწერალმა წარმოაჩინა ებრაული მითოსის ორსახოვნება, რომელიც ღვთის რჩეულობასა და დაწყევლილობას ემყარება. აქ მარადიულად ისწრაფვიან ქალური და კაცური საწყისების შერწყნმისკენ. დაბოლოს პრაღა დიდებული ქალაქი, რომელსაც მაირინკი ექსპრესიონისტულად აღგვიწერს.