მურმან ლებანიძე, ყუფარაძე და კალენდარული წელი
დამატების თარიღი: 2012-10-22 11:55:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

ისეთი დრო იყო, როცა ხალხი მთავრობას არ უსმენდა და მთავრობა კანონს. დიდი გაჭირვების პერიოდი იდგა და ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ არსებობდა. შესაბამისად, ხალხს კითხვისთვის თავი ჰქონდა განებებული და აზროვნებაც დროებით შეწყვეტილი ისე, რომ ამას თვითონ ვერ აცნობიერებდნენ. აზროვნებაზე უარის თქმა კი, სულიერ გაკოტრებას ნიშნავს.

მეტროთი ვმგზავრობდი. სამსახურში მიმეჩქარებოდა. გუშინ ჯონდის გამოსვლას მოვუსმინე. ნუთუ მართალია რასაც ამბობს? არჩევნები ახლოვდება. კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემ ხმას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. დიდი სიფრთხილე მმართებს. შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. შეიძლება ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდეს.

გაჩერებაზე უცნობი ქალბატონი შემოვიდა ორი დიდი ჩანთით.

– დაბრძანდით, ქალბატონო ვენერა – ჩემდა უნებურად ვუთხარი მას.

უცნობი ქალბატონი ჩემს ადგილზე მოთავსდა ისე, რომ თვალები ჩემთვის არ მოუშორებია.

– თქვენ მიცნობთ მე?
არ დავბნეულვარ, სახეზე შევხედე, გავუღიმე და მივხვდი, რომ მრავალი დედმამიშვილი ჰყავდა. აინშტაინის ალბათობის თეორიის თანახმად და გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით, მას ერთ–ერთი ძმა უნდა ჰყოლოდა და უტიფრად მივახალე:
– მე თქვენს ძმას ვიცნობ.
– ჩემი უშანგის ამხანაგი ხართ? შეჰკივლა ქალბატონმა.

 

ცოტა ამოვისუნთქე – კი, მაგრამ დიდი ხანია არ მინახავს. ხომ იცით რა ცხოვრებაა. ახლა სად არის? რას აკეთებს? – ვკითხე მე.

– ეხლა არა უშავს, ნაგავის ბიზნესში მუშაობს. ცოტა სული მოითქვა.
მატარებელი სადგურს უახლოვდებოდა. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი ვაგონიდან.

– მოკითხვა გადაეცით უშანგის. ბოდიში, უნდა ჩავიდე.
– რა გქვიათ?
– შალვა – ნათელაშვილის ხათრით ვუპასუხე მე.

შემდეგ მატარებელს ხუთი წუთი ველოდე. ახია ჩემზე.

სამსახურში ჩვენი საყვარელი პოეტი მურმან ლებანიძე მელოდებოდა. რაღაც ჟურნალი უნდოდა. თანამშრომელს დავალება მივეცი.– როგორ ხართ? რა არის თქვენთან ახალი?

ის იყო, რაღაც პასუხი უნდა გამეცა, რომ ოთახში თანამშრომელი შემოვიდა რაღაც საქმეზე. გასვლისას მივაძახე, – ყუფარაძეს ხომ არ დაურეკავს? – არაო, მიპასუხა მან.

მეორე თანამშრომელი შემოვიდა სამსახურეობრივ საკითხზე. გასვლისას მასაც მივაძახე, – ყუფარაძეს ხომ არ დაურეკავს? – არაო, მიპასუხა მან. მას მესამე თანამშრომელი მოჰყვა, სამსახურიდან გათავისუფლებას მთხოვდა. სოფელში უნდა წასულიყო. მასაც შევეკითხე, – ყუფარაძეს ხომ არ დაურეკავს მეთქი. – არაო, ისე მიპასუხა, რომ არც გაჰკვირვებია.

ბატონი მურმანი ჩუმად იჯდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. განყოფილების გამგე თხუთმეტი წუთით განთავისუფლებას მთხოვდა, აფთიაქში უნდა წასულიყო.

წადით მეთქი, ნუ იჩქარებთ, თხუთმეტი წუთი შეიძლება  არ გეყოთ, ვუპასუხე მე. განყოფილების გამგე არ ჩერდებოდა და წამლების დასახელებების ჩამოთვლა დაიწყო.

მის გაჩერებას შევეცადე და…

– ყუფარაძეს ხომ არ დაურეკავს? – ვკითხე მე.

ყურმილის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა.

– აააარა – მიპასუხა მან დაბნეულმა.

– კარგით, წადით აფთიაქში – ვუთხარი მე.

– გადმოვიდე თქვენთან?

– რაზე უნდა გადმოხვიდეთ?

– ყუფარაძის საკითხზე.

სიცილი ძლივს შევიკავე – არ არის საჭირო, მე თვითონ მივხედავ.

ამ დროს თანამშრომელმა ბატონ მურმანისთვის საჭირო ჟურნალი შემოიტანა. მადლობა გადავუხადე და მასაც შევეკითხე, ყუფარაძეს ხომ არ დაურეკავს მეთქი.
– ვინ არის ყუფარაძეო? – მკითხა მან.
– ეგრე რა, გამხიარულდი – ვუპასუხე მე.

ბატონ მურმანს ავუხსენი, რომ „ცისფერი მთების“ ყუფარაძეს ვგულისხმობდი და მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა მკითხა ვინ არისო. ბატონი მურმანისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ძალიან ვიხალისეთ. გამომშვიდობებისას, მადლობა გადამიხადა და წავიდა.

 

ერთი საათის შემდეგ რაღაც საკითხზე თათბირი დავნიშნე. განყოფილების გამგეებს ვკითხე, ჩვენთან კალენდარული წელი როდი იწყება მეთქი.

– პირველ იანვარს – მიპასუხა ყველაზე გამოცდილმა.

მეორე შეეკამათა – პირველ იანვარს ხომ ვისვენებთ?

მართალიაო, დაეთანხმა პირველი. ვიღაცამ თქმა – ორშიც ვისვენებთო.

მესამემ დაამატა, რომ სამ და ოთხ იანვარს ხანდახან შაბათ–კვირა ემთხვევა და ოთხი დღე ვისვენებთო.

მოულოდნელობისგან გაოგნებული დავრჩი.

– როდის მთავრდება კალენდარული წელი? – ვიკითხე მე.

– 31 დეკემბერს – მიპასუხა ყველაზე გამოცდილმა.

– 31 რომ სანიტარული დღე გვაქვს, ხომ არ დაგავიწყდათ? – ავყევი მეც.

– სანიტარულ დღეს 30 და 31 დეკემბერს ვაწყობთ – დააზუსტა ერთ–ერთმა თანამშრომელმა და მას ყველა დაეთანხმა.

– ვინაიდან ჩვენ ვერ დავადგინეთ, როდის იწყება საქართველოში კალენდარული წელი, გთხოვთ დავიშალოთ. ამ საკითხზე ყუფარაძეს დავურეკავ და შედეგს გაცნობებთ. ასე დავემშვიდობე მათ. არავის უკითხავს, ვინ არის ყუფარაძე.

გავიფიქრე, რა დაემართათ ჩემს თანამშრომლებს? რატომ აზროვნებენ ასე უცნაურად? გადავწყვიტე რომელიმე განყოფილებაში შევსულიყავი და იგივე კითხვა დამესვა.

შოკირებული ჩამოვედი ჩემს კაბინეტში. განყოფილებაში, სადაც ეს კითხვა დავსვი, თანამშრომლებმა სხვადასხვა თვეები და რიცხვები დამისახელეს.

როგორც ჩანს, ცუდმა ყოფა–ცხოვრებამ აზროვნება დროებით შეაჩერა. ხვალინდელი დღის შიშმა დაანგრია ჩვენი გონება. არადა, რამდენი რამე ვისწავლე მათგან და დღესაც ვსწავლობ. ნამდვილი პროფესიონალები არიან და ამავე დროს განათლებულებიც. მაგრამ, არა უშავს, გავა დრო და ყველაფერი გაივლის.

ღრუბლები ხშირად ფარავენ მზეს, მაგრამ დროებით.

ერთმა მეგობარმა ექიმმა მირჩია, სტრესიდან გამოსვლის კარგი საშუალებაა სექსი და იუმორი. რაც შეეხება პირველს, იმ გაჭირვების ჟამს მან მეორე პლანზე გადაინაცვლა. ამაზე მეტყველებს პოლიტიკური პარტიების სიმრავლეც, ხოლო მეორე, ანუ იუმორი და ხუმრობა უფრო ადვილი საქმე იყო. ხოდა, სამკურნალოდ გადავწყვიტე ბაზარში შემევლო, რომელიც ჩვენს სამსახურთან ახლოს მდებარეობდა.

ბაზარში ერთ–ერთ უცნობ გამყიდველს მივუახლოვდი:

– ქალბატონო მაყვალ, რა ღირს თქვენი საუკეთესო ხარისხის ატამი?

– ორი ლარი – მიპასუხა მან.

– არა, ქალბატონო მაყვალ, ასე არაფერი გამოვა. მოდით მოვილაპარაკოთ და ისეთი გონივრული ფასი დავადოთ, რომ მეც კმაყოფილი დავრჩე და თქვენც – უკმაყოფილო. ასე ქვეყანაც მოიგებს და არჩევნებიც კარგად ჩატარდება.

გამახსენდა, რამოდენიმე წლის წინ თბილისს ესტუმრა ცნობილი ჰიპნოზიორი, სმერტინი. ერთ–ერთი სეანსის მსვლელობისას, მთხოვეს ასისტენტობა გამეწია მისთვის. ჩემი დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ სცენაზე, ჰიპნოზის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები არ წაქცეულიყვნენ და რაიმე ტრავმა არ მიეღოთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანი ჰიპნოზს არ ექვემდებარება. გაბრაზებული სმერტინი, იმ პირებს, რომლებსაც ვერაფერს უხერხებდა, სცენიდან ჩასვლას სთხოვდა, ხოლო მათ, რომლებიც ჰიპნოზის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, გასაოცარ რამეს აკეთებინებდა. სმერტინი უდიდეს ენერგიას ხარჯავდა, ოფლში იწურებოდა, ერთი „ვედრო“ წყალი მოგვატანინა და დაკარგულ ენერგიას ასე იღდგენდა.

ჩემ შემთხვევაში კი, ერთი წინადადებით გამყიდველი ქალი თითქმის ჰიპნოზურ მდგომარეობაში ჩავაყენე. მისი უაზრო თვალები ამას მეუბნებოდა. მდგომარეობა განმუხტა იქვე მოვაჭრე სხვა გამყიდველმა.

– რას გაშტერებულხარ მაყვალ, რამდენი კილო ატამი გაყიდე?

მაყვალა მდგომარეობიდან გამოვიდა და რაღაც ჩაილუღლუღა.

შინ ისევ მეტროთი დავბრუნდი. ჩემმა მკურნალობამ კარგად ჩაიარა, მითუმეტეს, რომ ზიანი არავისთვის მიმიყენებია. ერთ–ერთ გაჩერებაზე უცნობი ქალი შემოვიდა. ის იყო უნდა მეთქვა, დაბრძანდით ქალბატონო ჟუჟუნა, რომ გამახსენდა დილით მომხდარი ამბავი და თავი შევიკავე. ისედაც დაღლილს, არ მინდოდა სხვა მატარებლით წამოვსულიყავი. უცნობ ქალს უხმოდ დავუთმე ადგილი, თან ფიქრებში წავედი: ეჰ ჯონდი, რაც თქვი როგორ გადავამოწმო? სულ ამერია ყველაფერი. ხვალ რომ შალვამ რაღაც სენსაციური თქვას, მერე რა ვქნა? არჩევნები ახლოვდება, ძალიან დაბნეული ვარ. მოხარული ვარ, რომ ასზე მეტი პოლიტიკური პარტია ჩემზე და სხვა მოქალაქეებზე ზრუნავს, კარგ ცხოვრებას გვპირდებიან, მაგრამ ამდენი ადგილი პარლამენტში ხომ არ არის? ისე, ამდენი პარტია რა საჭიროა? ან მათი სახელები როგორ უნდა დაიმახსოვრო, არ სჯობს ორი პარტია იყოს: ერთს „ცისფერი მთები“ ერქვას, მეორეს კი – „ტიანშანი“. არჩევანის გაკეთება უფრო გაგვიადვილდება.

შემდეგ გაჩერებაზე ვიღაც ქალი ამოვიდა და იმ ქალბატონს გადაეხვია, ვისაც ადგილი დავუთმე.

– ჟუჟუნა, რამდენი ხანია არ მინახიხარ?

ვაიმე, რას გადავრჩი, გავიფიქრე მე. ამ ქალბატონს ძმა რომ არ ჰყოლოდა, მერე რა უნდა მექნა?

ჩემი სახლის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში შევედი. იქ დიდი პლაკატი იყო გამოკრული: „ჩვენს მაღაზიაში იყიდება საუკეთესო ხარისხის პროდუქტები საგაზაფხულო ფასდაკლებით“.

ქალბატონი შემომეგება. – რა მოგართვათ?

– მე მაქვს სურვილი თქვენს მაღაზიაში შევიძინო საუკეთესო ხარისხის პროდუქტები, ოღონდ საგაზაფხულო ფასდაკლებით – ვუპასუხე მე.

– რა ბრძანეთ?

– არაფერი – და წავედი.