კი არა დამავიწყდა, არ მახსოვდა.. მხოლოდ
დამატების თარიღი: 2012-10-25 09:33:00
ავტორი: გიორგი კილაძე

არის ასრულდა ოცნება... ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთარი ბლოგი აქვს... მერე რა რომ  (ჯერჯერობით!) მხოლოდ ერთი პატარა ნიშაა უნაპირო  ინტერნეტ სივრცში. მერე რა რომ ჯერჯერობით  ერთი საჯაროდ წასაკითხი დღიურიც კი  არ ჩაწერილა მის მწვანედ აბიბინებულ ფურცლებზე? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ დღიურებიც დაიწერება და ვრცელ–ვრცელი სტატიებიც -  ბიბლიოთეკასა და ბიბლიოთეკარებზე, ლოგებსა და ბლოგერებზე, ქაღალდისა და ელექტრონულ სრულტექსტოვან წიგნებზე,  საკუთარ თუ მავანთა პრობლემებსა თუ პერსპექტივებზე... მაგარი ხალხია ბლოგერები... ყოველთვის იციან რა სურთ და როგორ მიიღონ... რა დაწერონ და როდის დაწერონ... რა გკითხონ და რა უპასუხონ...  ვის შეუტიონ და ვის მოეფერონ...  და მაინც მთავარი მათთვის არის წერა,  ინტერნეტსივრცის დაპყრობა და როგორც ჩემი უფროსი მეგობარი და კოლეგა ამბობს თავი და თავი, თავის აღმოჩენის, გამოჩენის სურვილი და აღიარების მოპოვებაა. 

 

ჩემთვის ბლოგი ქაღალდის დაზოგვის ხელოვნებაა, ქაღალდი, რომელიც  დღემდე ყველაფერს იტანდა და  ხვალაც აიტანს... დაწერ, არ მოგეწონება და წაშლი... გადახაზავ ... და ერთ ნაგლეჯსაც ჩამოახევ.  არ გინდა და არავის წააკითხე... მოგინდება და გამოაქვეყნებ...  კომუნისტების დრო კი არაა, ჯერჯერობით არსათქმელი ”საწერი მაგიდის”  ქვედა უჯრაში ჩაკეტო და უკეთეს დროს დაელოდო. საქმე გაცილებით მარტივადაა, დაწერე, გაააგზავნე, დაბეჭდე...  სიდედრი გაგიჯავრდება თუ ”სამეული” დაგადგება თავზე, ეს რა დაგიწერიაო.

 

მიყვარს ბლოგერები...  და ხშირად ვფიქრობ მათზე და უპ. ყოვლისა, ხელში ფურცლ–საწეკალამ” აუღებლად პირველი ბლოგერი მახსენდება.  პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით  წერა ატანილმა,  რომელიღაც ჟურნალის თუ გაზეთის უშტატო ჟურნალისტმა  ჯასტინ ჰოლლმა შორეულ 94–ში პირველი ინტერნეტ–დღიური შექმნიდა და მკითხველს კი არა ინტერნეტმომხმარებელს შესთავაზებდა, კეთილი ინებე და წაიკითხეო.  არ ვიცი პირველივე წერილში პირადი ცხოვრების  ინტიმურ დეტალებზე რამდენად შეეხო,  მაგრად დაზუსტებული ცნობით 2004 წლამდე არც ამისგან შეუკავებია თავი.  თავშეკავებისა და თავშეუკავებლობის საკითხი, ახლაც ძირითადი საკითხია თანამედროვე ბლოებსა და ბლოგერებში. ”კი არ ვწერ, ხმამაღლა ვფიქრობ!” –  ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც ამბობს ყოველი ბლოგერი. და  კი არ ავიწყდება, (უმრავლეს თუ უმცირეს შემთხვევაში ) უბრალოდ ვერ იხსენებს.

 

”აღიარება” ვახსენე ცოტა ზემოთ... დიდი დრო სჭირდება მაგ ამბავს, ყოველშემთხვევაში პრაქტიკა ამას ადასტურებს...  ჯასტი ჰოლი ”პერსონალური ბლოგის მამად” მხოლოდ   2004 წელს აღიარეს... ყველამ არა... და მაინც არა მხოლოდ გაზეთმა ”ნიუ–იორკ ტაიმსმა”.

 

პირველი ”პოსტისთვის” სიტყვა გამიგრძელდა... ამიტომ  ბლოგის უფრო გავრცელებულ მამაზე აღარ გესაუბრებით, არც იმაზე დავძრავ ენას, საიდან, რტომ და რას უკავშირდება სიტყვა ბლოგი და ბლოგერი... ამაზე ბერჯერ დაუწერიათ და კიდევ ბევრს დაწერენ... ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადგასნილ ბლოგზეც, რაღა თქმა უნდა. დავიცადოთ, აბა ჩვენი რა მიდის? მე კი ასე მინდა დავამთავრო -  არ ვიცი რატომ და მაინც... რაღაცეები ”კი არა დამავიწყდა, არ მახსოვდა.. მხოლოდ . ჰოდა, (კიდევ ერთხელ) მხოლოდ!!!

გმადლობთ!!!