დამატების თარიღი: 2013-02-26 12:13:47

ბორის გაგუა

ბორის თენგიზის ძე გაგუა დაიბადა ქ. თბილისში 1955 წლის 21 ოქტომბერს.

1978 წელს დაამთავრა თბილისის  ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური და გერმანული ენების სპეციალობით. ამავე წელს მუშაობა დაიწყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევით მცირე სიმძლავრის ელექტრომანქანების საპროექტო/კონსტრუქცირების ინსტიტუტში ეგმ-ის პროგრამებისა  და სამეცნიერო-კვლევითი მასალების დამუშავების სპეციალისტად.

1980 წლიდან მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მდივნად. 1992 წლიდან საქართველოს ეროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ადამიანთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსად და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

1993 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება „აბსოლუტბანკის" საგარეო კავშირების პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე. იყო ბანკის წარმომადგენელი აშშ-ში.

2001 წლიდან მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფინანსების და სტრატეგიის მენეჯერად.

2005 წლიდან იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

2007-2011 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიბლიოთეკის ბიუჯეტი და თანამშრომელთა სახელფასო ფონდი; ეროვნულ ბიბლიოთეკას დაუბრუნდა წინა წლებში უკანონოდ გასხვისებული ფართები, შემუშავდა ბიბლიოთეკის შენობების სრული რეკონსტრუქციის პროექტი და განხორციელდა ბიბლიოთეკის III კორპუსის რეკონსტრუქცია/რესტავრაცია; ხელი მოეწერა არაერთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მსოფლიოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან.