დამატების თარიღი: 2013-02-26 15:01:12

ვლადიმერ დე-სენ-ტომა

1851 წლის 24 სექტემბერს ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა ავგუსტ დე-სენ-ტომას ოცდაორი წლის ვაჟი, ვლადიმერ დე-სენ-ტომა.

ვლადიმერ დე-სენ-ტომა დაიბადა 1829 წელს, პეტერბურგში. 1843 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. დაწვრილებითი ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ,  რომ  იგი იყო ლიტერატორი და ნუმიზმატი, გუბერნიის მდივანი, რომელიც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობასთან ერთად მეფისნაცვლის დიპლომატიურ კანცელარიაში მსახურობდა. ვლადიმერ დე-სენ-ტომა იყო მართლმადიდებელი. დანიშვნისთანავე ვლადიმერ დე-სენ-ტომა გავრიილ ტოკარევთან ერთად ალექსანდრეს მოედანზე ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით  თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გადატანას, დეგუროვის ბიბლიოთეკის გადარჩევას, წიგნადი ფონდის კატალოგიზაციას და არქიტექტორ რეისის ესკიზების მიხედვით დამზადებულ კარადებში განთავსებას შეუდგა, 1852 წლის პირველ მაისს კი მან ბიბლიოთეკის ახალი შენობაში მისული პირველი მკითხველი მიიღო. 1852 წლის აპრილში ვლადიმერ დე-სენ-ტომამ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების  კავკასიის განყოფილებას წარუდგინა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდების მიხედვით პლატონ იოსელიანთან ერთად მომზადებული ბიბლიოგრაფიული შრომა  - კავკასიის შესახებ პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი სტატიების სია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1852 წელს თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასთან შეიქმნა მიუნცკაბინეტი, რომელსაც ადოლფ ბერჟეს თქმით, საფუძველი ვლადიმერ დე-სენ-ტომამ ჩაუყარა. ''იქ გამოფენილი იყო მის მიერ შეგროვილი 1709 ქართული, რომაული, მაჰმადიანური (ისლამური) და სხვა მონეტები და მედლები, აგრეთვე ვლადიმერ დე-სენ-ტომასთვის საჩუქრად გადაცემული სარაის სასახლის კედლის მოზაიკის ფრაგმენტი. ვლადიმერ დე-სენ-ტომას გარდაცვალების შემდეგ, 1857 წლის ივნისში, ეს მონეტები შეერია რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მიუნც-კაბინეტის მონეტებს".

ევროპული პედანტურობითა და პასუხისმგებლობით ასრულებდა ვლადიმერ დე-სენ-ტომა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ისტორიამ შემოინახა ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შესახებ დავით ყიფიანის თხოვნაზე მისი საპასუხო წერილი. ის წერდა: "მოწყალეო ხელმწიფევ დიმიტრი ივანეს ძე! პატივი მქონდა მიმეღო თქვენი უდიდებულესობის წერილი ამა თვის პირველ რიცხვში და ძალიან ვწუხვარ გაცნობოთ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკიდან  წიგნების  გატანაზე  თანხმობის მიცემა მე არ შემიძლია მისი ბრწყინვალების თავად მეფისნაცვლის განსაკუთრებული და თანაც წერილობითი ნებართვის გარეშე, ამიტომ შემიძლია თქვენს მიერ მოთხოვნილი წიგნებიდან მოგართვათ მხოლოდ თავად ბარათაევის თხზულება "საქართველოს სამეფოს ნუმიზმატური ფაქტები", რომელიც პირადად გამაჩნია; დანარჩენებს, თუ თქვენ ინებებთ, მე შევეცდები მოვძებნო კერძო ბიბლიოთეკებში. უღრმესი პატივისცემით და თქვენდამი უსაზღვრო ერთგულებით ვლადიმერ დე-სენ-ტომა. თებერვალი 1854 წელი".

კოლეგიის ასესორი ვლადიმერ დე-სენ-ტომა, გაზეთ «Кавказ»-ში გამოქვეყნებული რიგი ლიტერატურული ნაწარმოებებისა და კავკასიის ეთნოგრაფიისა და ნუმიზმატიკის შესახებ სტატიების ავტორი, გარდაიცვალა 1857 წლის ივნისში.

ნინელი მელქაძე

ქეთევან მგალობლიშვილი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Мелкадзе Н. В. Славные имена в биографии Тифлисской публичной библиотеки [Текст] / Н. В. Мелкадзе // Вестник Библиотечной Ассамблеи Евразии. - 2011. - № 3. - С. 78-80 : фот., ил. - Библиогр.: с. 80 (4 назв.). - Примеч.: с. 80

ვლადიმერ დე-სენ-ტომას შრომების ნუსხა:

  1. де Сен Тома, Владимир. Суд отца // газ. Кавказ. - 1846. - № 45
  2. де Сен Тома, Владимир. Свадьба в Тифлисе // газ. Кавказ. - 1849. - № 21
  3. де Сен Тома, Владимир. Новые опыты над безыменною силою, приводящею в движение различные предметы // газ. Кавказ. - 1853. - № 35. - С. 143-144
  4. Отчёт Тифлисской публичной библиотеки с 1851-1853 г. // газ. Кавказ. - 1853. - № 45. - С.187-188.
  5. Де Сен-Тома, Владимир.  Пара заметок для нумизмата. Описание монгольской серебряной монеты султана Абу-Саид-Багадур-Хана // газ. Кавказ. - 1857. - № 33
  6. Де Сен-Тома, Владимир.  Нумизматические заметки. Описание нескольких монет, найденных в Самсуне // газ. Кавказ. - 1857. - №№ 40, 44