დამატების თარიღი: 2012-10-05 15:33:30

საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკების ქსელი 

საქართველოს საბიბლიოთეკო კანონმდებლობის თანახმად,  სახელმწიფო საბიბლიოთეკო ქსელი იქმნება ტერიტორიული და უწყებრივი პრინციპით.  საქართველოს ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო, ადგილობრივი და საუწყებო ბიბლიოთეკების ქსელებს. სისტემაში შედის: ეროვნული, სამეცნიერო (უნივერსალური და დარგობრივი), სამეცნიერო-ტექნიკური, სამეცნიერო-სასწავლო, მასობრივი(საჯარო), საბავშვო, სასკოლო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკები.  

ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, იგი  ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას. ქვეყნის ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი სეგმენტია საჯარო ბიბლიოთეკა. ამავე დროს  საჯარო ბიბლიოთეკები ქვეყნის ერთიანი სოციოკულტურული სივრცის შემადგენელი ნაწილია, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, მომხმარებელს მიაწოდონ ყველაზე უფრო მოთხოვადი და პოპულარული გამოცემები, განავითაროს ინტერესი კითხვის მიმართ, ხელი შეუწყოს თანაბრობის იდეის დამკვიდრებას. ბიბლიოთეკებს არც თუ უმნიშვნელო როლი აკისრია  საზოგადოების განათლებისა და ინფორმირების საქმეში. 

დიდი ქალაქების საჯარო ბიბლიოთეკები ქმნიან საბიბლიოთეკო სისტემას ცენტრალური ბიბლიოთეკებითა და  ფილიალებით, რომლებიც უფასოდ ახორციელებენ მკითხველთა მომსახურებას. 

საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკებში ბევრი პრობლემაა.  ბოლო 20 წლის მაძილზე განვითარებულმა მოვლენებმა - ცენტრალიზებული დაფინანსების მოშლამ, მძიმე ეკონომიკურმა პრობლემებმა - ქვეყნის საჯარო ბიბ­ლიოთეკების ქსელი მნიშვნელოვნად დააზარალა. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე განახევრებულია ბიბლიოთეკების რაოდენობა.  

მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა ბიბლიოთეკების რაოდენობისა და განსაკუთრებით, ხარისხის თვალსაზრისით ქალაქებსა და სოფლებს შორის. ამის მიზეზი, ზემოთ აღნიშულ პრობლემათა გარდა, უნდა იყოს ბიბლიოთეკების შემცირების  ტენდეცია. 

ამჟამად საქართველოში მუშაობს 620–ზე მეტი საჯარო ბიბლიოთეკა, რომლებიც ექვემდებარებიან ადგილობრივ ხელისუფლებას. საბიბლიოთეკო ქსელი ძირითადად შენარჩუნებულია იმერეთის, გურიის, სამცხე–ჯავახეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. არის რაიონები, სადაც ბიბლიოთეკები თითქმის არ ფუნქციონირებს. მოძველებული ფონდები არ აკმაყოფილებს მომხმარებლის გაზრდილ ინტერესს. 

თანამედროვე საბიბლიოთეკო პროცესები ძნელად მკვიდრდება ბიბლიოთეკათა  უმრავლესობაში. საინფორმაციო ტექნოლოგიები მწირია უმეტეს ბიბლიოთეკებში.