დამატების თარიღი: 2012-10-12 10:11:18
ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი

 

1931 წელს ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. ამჟამად ეს შენობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხოლოდ პირველი კორპუსია. მთლიანად ბიბლიოთეკა კი ხუთ შენობაშია განთავსებული და მათგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი ანუ ქართული ბანკი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ლ. გუდიაშვილისა და ნ. ვაჩნაძის ქუჩების კუთხე)  1913-1916 წლებში აშენდა. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა "ქართული სტილისა"  უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლების ანაზომები, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებსმრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.  ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.
ბიბლიოთეკის მოჩუქურთმებული კარის ავტორია კოტე ბოტკოველი. ბიბლიოთეკის პირველ და მესამე კორპუსში ხის სამუშაოები შეასრულა ილია მამაცაშვილმა
.

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსი

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს არის ყოფილი ვოლგა–კამის ბანკის განყოფილების შენობა, რომელიც 1915 წელს არქიტექტორ გ. კოსიაკოვმა ააშენა.

იმდროინდელი პრესა წერს: "ვოლგა-კამის ბანკის ტფ. განყოფილება 12 ივნისს საკუთარ შენობაში გადავიდა. განყოფილებამ ტფილისში მოქმედება დაიწყო 1908 წელს და ერთი წლის შემდეგ სააგენტოები გახსნა ერევანსა და განჯაში. ამ ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც  მდებარეობს ბარონისა და ლორის-მელიქოვის ქუჩების კუთხეში, 1914 წელს დაიწყო ხუროთმოძღვრების აკადემიკოსის გ.ა. კოსიაკოვის პროექტით. მიწა შეძენილ იქნა გრაფინია მელიქოვისაგან და ამ მიწის ნახევარი, დაახლოებით 300 ოთკუთხა საჟენი, ბანკმა დაუთმო ტფ. სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომელიც აგრეთვე აშენებს ლამაზ შენობას თავის საჭიროებისთვის. ვოლგა კამის შენობა ფართო და ლამაზია. შეიცავს 30 ოთახს, მშვენიერ საწყობებს და მოსამსახურეთა და მეარტელეთა ბინებს. შენობაში ცენტრალური გათბობაა." ("სახალხო ფურცელი", 1916 წელი, N598, გვ.2).

ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ნეოკლასიცისტური სტილის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი ფასადის პირველი სართულის მძიმე რუსტიკა მეორე და მესამე სართულთა სადა სიბრტყესთან კონტრასტს ქმნის. ფასადზე ფართო რიზალიტი გამოიყოფა, რომელშიც გიგანტური თაღოვანი პორტალია გაჭრილი.  

 

ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი
 

 

 

 

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა 1910 წელს (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ  შენობათა შორის.

მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე შენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება. მოდერნის სტილი ინტერიერშიც გამოკვეთილად ჩანს.

 

 

 

 


თბილისის სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა. 1910 წელი.  (უნიკალური ვიდეომასალა, რომელის 2009 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საჩუქრად გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.)

   

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის IV კორპუსი

ბიბლიოთეკის IV კორპუსის 1973 წელს აიგო არქიტექტორი ვ. ჟიტოვსკის პროექტით.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის V კორპუსი


 

 

1971 წელს სახელმწიფო წიგნის პალატისთვის აიგო თეთრი ბაზალტის ქვით ნაშენი სვეტებიანი ოთხსართულიანი შენობა (არქიტექტორი თ. ჩოგოვაძე). შენობას მიდგმული აქვს ექვსსართულიანი ვრცელი საცავი, რომელშიც თავმოყრილია ქართული ბეჭვდითი სიტყვის პროდუქციის უდიდესი საგანძური. 2006 წელს სახელმწიფო წიგნის პალატა ფონდებით და შენობით გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.