ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტები
დამატების თარიღი: 2012-10-14 00:33:39

 მიმდინარე პროექტები

 ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო პროექტები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. დაიდო ხელშეკრულებები არა ერთი ქვეყნის ბიბლიოთეკასთან, სამუზეუმო, საარქივო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2007 წლიდან თანამშრომლობს სმითსონის ინსტიტუტთან. ერთობლივი პროექტები ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სმითსონის მუზეუმთა ქსელისა (http://www.si.edu) და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ვებ-საიტი, რომელიც ასახავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და ორი დიდებული ოჯახის – ჭავჭავაძეებისა და დადიანების – ისტორიას. ჭავჭავაძეების  (http://www.nplg.gov.ge/chavchavadze/)  და დადიანების (http://www.nplg.gov.ge/dadiani/) ოჯახების შესახებ ვებ გვერდების ქართულენოვანი ვერსია ეროვნული ბიბლიოთეკის სერვერზეა განთავსებული, ხოლო მათი ინგლისური ანალოგი – სმითსონის ინსტიტუტის სერვერზე. ვებ გვერდები შექმნა და გააფორმა სმითსონის ინსტიტუტის მედია–ოფისმა.

სმითსონის ინსტიტუტთან თანამშრომლობა თანამშრომელთა გადამზადების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 2007 წელს კონსერვაციის ოთხი სპეციალისტი საქართველოდან, რომლებიც დააფინანსა ფონდ „Trust for Mutual Understanding“–მა, გადიოდა სტაჟირებას სმითსონის ინსტიტუტში. სამი მათგანი წარმოადგენდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ერთი კი – საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. პროგრამის ოთხივე მონაწილემ სტაჟირების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიღრმავა ცოდნა და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ინტენსიურად თანამშრომლობს პოლონეთთან.

პოლონეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2007 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ განახორციელა პირველი ეტაპი პროექტისა „ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული პოლონური რარიტეტული და სხვა მნიშვნელოვანი მასალების დიგიტალიზაცია“, რომლის მიზანია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული პოლონური რარიტეტული და სხვა მნიშვნელოვანი მასალების დიგიტალიზაცია, ქართულ-პოლონური კულტურული მემკვიდრეობისა და ურთიერთობების შესწავლა. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა 87 რარიტეტული წიგნი პოლონურ, ფრანგულ, რუსულსა და ქართულ ენებზე. მომხმარებელს ვთავაზობთ ამ წიგნების შესახებ ვიზუალურ ინფორმაციას, მათ სრულ ბიბლიოგრაფიულ აღწერილობას და თითოეული ეგზემპლარისთვის ვრცელ ანოტაციას ქართულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე.

პოლონეთთან თანამშრომლობა სხვა მიმართულებითაც ნაყოფიერია. ამავე წელს პოლონეთის რესპუბლიკის სასახლეში პოლონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს: 
1. გამოცდილების გაცვლას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში; 
2. ინფორმაციის, მეცნიერების მიღწევების, გამოცემებისა და გამოფენების გაცვლას; 
3.ერთობლივი პროექტების ორგანიზებას: კონფერენციების ჩატარებას, გამოცდილების გაზიარებას სწავლებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. 
ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ორივე ბიბლიოთეკისათვის.

ასევე, მიღწეულ იქნა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პოლონეთის სახელმწიფო არქივს შორის. შეთანხმების თანახმად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მიიღებს არქივში დაცულ ყველა მასალას, რომელიც ეხება ქართველთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას პოლონეთში. პოლონეთის სახელმწიფო არქივმა უკვე გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართველ ოფიცრებსა და იუნკერებთან დაკავშირებული მასალების ნაწილი ელექტრონულ ფორმატში.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2008 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის კანცელარიის განყოფილებაში დაინერგა საცნობარო კორესპონდენციის აღრიცხვის საინფორმაციო სისტემა; საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში ეროვნული ბიბლიოთეკის 200-მა მოხელემ წარმატებით გაიარა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: „სახელმწიფო ენა მოხელეთათვის“, „პერსონალის მართვა საჯარო სამსახურში“ და „საქმიანი კომუნიკაციები“; გამოიცა მრავალმხრივი ფუნქციის მქონე საცნობარო ბუკლეტები ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ (წიგნის სანიშნები და ელექტრონული რესურსების ცნობარი); გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით – პირველად საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაში – ამერიკულ კომპანია „Fargo Electronics“–ის წარმომადგენლობამ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პლასტიკური ბარათები და მათი დასამზადებელი პრინტერ/დეკოდერი. აღნიშნული აპარატურის საშუალებით ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის მზადდება საშვები.

2008 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩართულია საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროექტ FUMAGABA–ში (http://www.theeuropeanlibrary.org/). პროექტის მიზანია დაეხმაროს 8 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, ალბანეთი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდავეთი, მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიური რესპუბლიკა, უკრაინა) ეროვნულ ბიბლიოთეკებს, გახდნენ The European Library–ს („ევროპის ბიბლიოთეკის“), ევროპის 48 ეროვნული ბიბლიოთეკის ვებპორტალის, სრულუფლებიანი წევრები.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების ძირითადი ნაწილი უკვე შეასრულა. The European Library–ს („ევროპის ბიბლიოთეკის“) ვებპორტალიდან უკვე ხელმისაწვდომია ოთხი ელექტრონული კოლექცია: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები; ბეჭდური არქივისა და დისერტაციების ციფრული კოლექცია; სამოქალაქო განათლების ციფრული ბიბლიოთეკა; ქართული ლიტერატურის ციფრული ბიბლიოთეკა. ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა „ევროპის ბიბლიოთეკის“ ინტერფეისი და „დამწყები მომხმარებლის გზამკვლევი“; შეიქმნა 3 OAI-PMH რეპოზიტორიუმი.