კონფერენცია თემაზე - პარიზის 2005 წლის კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი
დამატების თარიღი: 2017-09-14 14:35:00

14 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა კონფერენცია "კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" კონვენციის იმპლემენტაციისათვის მონიტორინგის თაობაზე. 

კონფერენცია იყო პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" კონვენციის  იმპლემენტაციისათვის მონიტორინგის საპილოტე სქემის შემუშავება" პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტი ხორციელდება ვ. გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული  კავშირის (YTA UNION) მიერ UNESCO-ს 2016-2017 წლების "მონაწილეობის  პროგრამის" ფარგლებში. იგი მიმართულია UNESCO-ს  2005  წლის კონვენციის პოპულარიზაციაზე, მისი რატიფიცირების შედეგად  საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა  შესრულების მონიტორინგის საცდელი მოდელის შექმნაზე,  რეგიონებში  (ახალციხე, თელავი,  ქუთაისი, ზუგდიდი)  იმპლემენტაციის საპილოტე სქემის შემუშავებაზე.

პროექტში ჩართულია არაფორმალური პლატფორმის „მრავალფეროვანი  საქართველოს" რამდენიმე წევრი ორგანიზაცია - „პლატფორმა ცვლილებებისთვის", „დემოკრატიული ჩართულობის  ცენტრების ქსელი" და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია", ასევე ახალი პარტნიორი - „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია".

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ " კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სხვადასხვა ასპექტებზე: კულტურის პოლიტიკა - ტენდენციები; შემოქმედებითი ინდუსტრიები -  კვლევის პრობლემები; მედია, გარემო, კულტურა მდგრად განვითარებაში - ახალი ხედვის აუცილებლობა.