გამოფენა „საქართველო და ევროპა“ ფოთში
დამატების თარიღი: 2012-11-04 11:25:00

4 ნოემბერს, 17:00 საათზე, ფოთის მთავარ საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, რომელმაც დამთვალიერებელს ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობებზე მოუყვა. გამოფენა ეროვნული ბიბლიოთეკის, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

„გამოფენის წარმატებამ თბილისში გადაგვაწყვეტინა, იგი დანარჩენ საქართველოსაც ვაჩვენოთ. ფოთის შემდეგ მისი დათვალიერების საშუალება ექნებათ ზუგდიდელებს, ქუთაისელებს და ახალციხელებს. ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.

„ამ გამოფენით სწორედ იმის თქმა და ჩვენება გვსურს, რომ საქარველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია.“ - ყვება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ემზარ ჯგერენაია.

გამოფენის გახსნას თან დაერთო მოხსენებები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვნენ ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.