კონკურსი "ვკითხულობთ რუსთაველს"
დამატების თარიღი: 2012-09-19 17:36:00

კონკურსი "ვკითხულობთ რუსთაველს"


თბილისის N24 საჯარო სკოლამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის რუსთველოლოგიის კვლევის ცენტრმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, საქართელოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს  ტრადიციულ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.


პროექტი "ვკითხულობთ რუსთაველს" უკვე მეცხრედ განხორციელდა და ამჯერადაც ემსახურებოდა მოსწავლე ახალგაზრდობისათვის უპირველესი წიგნის უკეთ გაცნობას, მსოფლიო აზროვნებისა და მოქალაქეობრივი მრწამსის განვითარებას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას.


პროექტი მიზნად ისახავდა ამ პოემისადმი XXI საუკუნის მოსწავლეებსა და სტუდენტებში გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, მარადიული სულიერი კავშირის შეცნობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, შესაბამისად, აღმზრდელ-პედაგოგებსა და უმაღლესი სკოლის ლექტორ-მასწავლებლებს. ამდენად, პროექტის მნიშვნელოვანი პირობა იყო  ერთიანი კავკასიური კულტურის შეცნობა საკუთარი კულტურის თვითმყოფადობის გადასარჩენად. პიროვნული კავშირების დამყარების გზით გვსურს გავაღრმავოთ კავკასიელთა შორის მეგობრული ურთიერთობები და ვიცხოვროთ "მართალი სამართლით."


"ვეფხისტყაოსნის" პირველი აკადემიური გამოცემის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტმა შეიძინა ახალი ნომინაცია "პოემის აკადემიური გამოცემები".


კონკურსანტებს საშუალება მიეცათ 5-8-წუთიან რეგლამენტში, სასურველ ენაზე წარმოედგინათ შერჩეული ეპიზოდები, ინსცენირება თუ ამ პოემისადმი შექმნილი დამოკიდებულება ესეს, ჩანახატის, პოეტური ნამუშევრის სახით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების თანამშრომლის, ნინო ხვედელიძის, მიერ მომზადებულ ვიქტორინაში მიეღოთ მონაწილეობა.


კონკურსანტთა შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხატვრული კითხვის ხელოვნებას, პოემის მოქმედ, ცოცხალ სიტყვაში გარდასახვას, მართლმეტყველებას, ბგერათა სწორად და გარკვევით გამოთქმას, არაქართველთა მიერ ქართული ენის ფლობის უნარს, სამსახიობო ჩვევებს.

პროექტის ორგანიზატორებმა თხოვნით მიმართეს ქალაქის, რაიონის რესურსცენტრებს, ადგილზე უზრუნველეყოთ კონკურსში მონაწილეთა შერჩევა.


კონკურსის დასკვნითი ტური ჩატარდა 2012 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც კონკურსანტებისათვის მოეწყო "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა გამოფენა.