გამოფენა „საქართველო და ევროპა“ ქუთაისში
დამატების თარიღი: 2012-11-25 17:06:00

25 ნოემბერს 17:00 საათზე ქუთაისის მთავარ საქალაქო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, სადაც დამთვალიერებელმა ქართულ ევროპული ურთიერთობების ხანგრძლივსა და საინტერესო ურთიერთობების შესახებ წარმოდგენილ მასალები იხილა. გამოფენას ორგანიზება გაუწიეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს ეროვნულმა არქივმა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ და ქუთაისის საქალაქო ბიბლიოთეკამ.

ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღის აღსანიშნავად მომზადდა და მას პირველად თბილისელები 2012 წლის მაისში გაეცნენ.

„გამოფენის წარმატებამ თბილისში გადაგვაწყვეტინა, იგი დანარჩენ საქართველოსაც ვაჩვენოთ. ქუთაისის შემდეგ მისი დათვალიერების საშუალება ექნებათ ახალციხელებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.

ამ გამოფენით სწორედ იმის თქმა და ჩვენება გვსურს, რომ საქარველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტებიც ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი და განუყოფელი ნიმუშებია.“ - ყვება გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ემზარ ჯგერენაია.

გამოფენის გახსნას თან დაერთო მოხსენებები ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე. მოხსენებებს და დისკუსიებს გაუძღვნენ ექსპერტები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.