ეროვნული ბიბლიოთეკა – სხვადასხვა ეპოქის ახალგაზრდების გზაჯვარედინი
დამატების თარიღი: 2012-12-01 15:04:00

1 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მანანა ბეგიაშვილის ლიტერატურ­­ულ-შემოქმედებითმა სახელოსნომ მოაწყო საღამო-გამოფენა.

ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი იქნა წარმოდგენილი სხვადასხვა პერიოდის  ახალგაზრდების   შემოქმედებითი აზროვნების   ფონზე.

ფართო საზოგადოება პირველად გაეცნო  კოჯორთან დაღუპული იუნკერის, გიგლა გარსიაშვილის  ხელნაკეთ ჟურნალებს, პირად წერილებსა და ჩანაწერებს. ასევე პირველად,  ლიტერატურულ–შემოქმედებითი სახელოსნოს დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა ბეგიაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი  მეტაფორულ აზროვნებაში. ჟიურის მიერ შერჩეულ სამ ავტორს ეროვნული ბიბლიოთეკის  გენერალურმა დირექტორმა გადასცა სამახსოვრო საჩუქრებს.

სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი და კოჯორთან გმირულად დაღუპული გიგლა გარსიაშვილის არქივი, მისი მამის, თბილისის მოძღვართმოძღვრის,  დავით გარსიაშვილის არქივში აღმოჩნდა.   გიგლა  გარსიაშვილის შემოქმედების თვალის ერთი გადავლებითაც ნათლად ჩანს, რომ  იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა რიგებს ჯერ კიდევ მეორე გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შეუერთდა  და კოჯორთან  მისი გმირული აღსასრულიც  ერთგვარად ლოგიკური  გაგრძელება იყო მისი ცხოვრების წესისა და მრწამსისა.  საზოგადოებამ  სულ სამიოდე ათეული წლის წინ დაიწყო კოჯრის ბრძოლებზე ხმამაღლა საუბარი.  შესასწავლი კი მართლაც ბევრია. აქამდე  ცნობილ მარო მაყაშვილის სახელს კიდევ ერთი გმირის, ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი,  გიგლა გარსიაშვილის სახელიც შეემატება.

დავით გარსიაშვილის არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების  თანამშრომელმა ქალბატონმა მანანა ყვავილაშვილმა მოამზადა გამოსაცემად და მანვე  შეავსო გიგლა გარსიაშვილის ბიოგრაფია ახალი ინფორმაციით.

საღამო კლასიკური მუსიკით ამშვენებდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დიდი ხნის მეგობრები, ნიჭიერთა ათწლედისა და კონსერვატორიის სტუდენტები.