„ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“
დამატების თარიღი: 2012-12-13 11:15:00

13 დეკემბერს, 12:00 საათზე ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა (gch-centre.ge) და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ (nplg.gov.ge) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენასახელწოდებით: ფიროსმანის მხატვრული ფორმა გენეზისი და რაობა“.

აღნიშნული ერთგვარი პრელუდია იყო ვრცელი პროექტისა, რაც ფიროსმანის ფენომენის ყოველმხრივ კვლევას ისახავს მიზნად და გაისად დაგეგმილი საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციით დასრულდება. ჩუბინაშვილის ცენტრი გეგმავს ფართო თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კულტურის დაწესებულებებთან და თვალსაჩინო უცხოელი და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერების მოწვევას. კონფერენციას ეწოდება ფიროსმანი და ქართული კულტურა“, სადაც იმუშავებს როგორც ფიროსმანისადმი მიძღვნილი თემატური, ისე თავისუფალი, ზოგადქართველოლოგიური სექციები.

ამჯერად ჩატარებული ღონისძიება, მრგვალი მაგიდის გარშემო, გულისხმობდა ხელოვნებათმცოდნეთა სამეცნიერო შეხვედრას. დასწრება  საინტერესო აღმოჩნდა როგორც სტუდენტ-ხელოვნებათმცოდნეთათვის, ისე ხელოვნებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. სადისკუსიო საკითხების დასმასა და დისპუტში მონაწილეობდა 10 მეცნიერი ჩუბინაშვილის ცენტრიდან, ეროვნული არქივიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამხატვრო აკადემიიდან, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიდან, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრიდან.