8 აგვისტო – დაიბადა ნიკოლოზ შენგელაია
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:42:14

შენგელაია ნიკოლოზ მიხეილის ძე (1901–43), კინორეჟისორი და კინოდრამატურგი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941). სწავლობდა თსუ ფიზ.–მათ. ფაკულტეტზე (1919–20). 1924 შენგელაია რეჟისორის ასისტენტად მიიწვია კ. მარჯანიშვილმა ფილმზე "ქარიშხლის წინ”. ს. კლდიაშვილთან ერთად დაწერა სცენარები ფილმებისათვის "სამანიშვილის დედინაცვალი” (1927) და "გაფლანგვა”, (1927). გადაიღო ფილმები: "გიული” (1927, ლ. პუშთან ერთად, შ.არაგვისპირელის ამავე სახელწოდების მოთხრობის  მიხედვით), "ელისო” (1928, ეს ფილმი ახალი სიტყვა იყო ქართულ კინომატოგრაფიაში). შენგელაია გამოირჩეოდა რეჟისორული გამომგონებლობით, დინამიკური კადრების სიმრავლით, მონტაჟის ოსტატობით, დახვეწილი კინემატოგრაფიული აზროვნებით; მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დიდი ტემპერამენტი და პოეტურობა. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ფილმები: "ოცდაექვსი კომისარი” (1933), "ნარინჯის ველი”(1937), "სამშობლო”(1939), "შავ მთებში”(1941), "მცხუნვარე მზის ქვეშ” (1941, შ. ჩაგუნავასა და ვ. მიტროფანოვთან ერთად), "ის კიდევ დაბრუნდება” (1943, დ. ანთაძესთან ერთად). შენგელაია აღნიშნული ფილმების სცენარის თანაავტორიც იყო. შენგელაიას ინიციატივით საქართველოში ჩამოყალიბდა კინომატოგრაფიის საზოგადოების საორგანიზაციო ბიურო.

 

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. კინოსტუდია "ქართული ფილმის” ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩა.

 

წყარო: ქე.–თბილისი, ენციკლოპედია.–თბ–2002წ.