3 ივნისი – დაიბადა ვასილ ბარნოვი
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:22:16

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) დაიბადა 1856 წლის 22 მაისს (3 ივნისს) სოფელ კოდაში, მღვდლის ოჯახში. ჭაბუკმა წერა–კითხვა დედის დახმარებით შეისწავლა.

 

ვასილ ბარნოვმა განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელსა და სემინარიაში. 1877 წელს, 21 წლისა თბილისის სასულიერო სემინარიის ზედამხედველია, ხოლო 1878 წელს შედის მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის ფაკულტეტზე. აკადემიას ამთავრებს 1882 წელს და ბრუნდება სამშობლოში. სამი წელი სენაკის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლობს, შემდეგ კი გადაყავთ თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ.

 

1885 წელს სემინარიის შავრაზმელი რექტორის მკვლელობასთან დაკავშირებით ვასილ ბარნოვი თელავში გადაიყვანეს მასწავლებლად, სადაც 25 წელი მუშაობდა.

 

1911 წელს ბრუნდება თბილისში და სასულიერო სემინარიაში ასწავლის ქართულ ლიტერატურას. პარალელურად მუშაობს დიმიტრი ბაქრაძის "ისტორიულ–არქეოლოგიურ კაბინეტში" და გაზეთ "ივერიაში".

 

ვასილ ბარნოვი ლიტერატურულ ასპარეზზე ლექსებით გამოვიდა. მისი პირველი ნაწარმოები 1878 წელს დაიბეჭდა გაზეთ "დროებაში".

ვასილ ბარნოვის კალამს ეკუთნის დიდი ტილოები: "მიმქრალი შარავანდედი", "ისნის ცისკარი", "გიორგი სააკაძე", არმაზის მსხვრევა", "ხაზართა საძლო", "გველის ზეიმი", "თებერას დანიშნული", "დედოფალი ბიზანტიისა", "თამარ მრწემი", და სხვა მრავალი.

 

1930 წელს მხცოვან მწერალს დამბლა დაეცა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, აკანკალებული ხელით განაგრძობდა წერას. სარეცელს მიჯაჭვულმა შექმნა ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებები, როგორიცაა "ქალი კახელი", "ბურუსი", "ისკანდერი", ხოლო როდესაც უკვე მოეძალა ავადმყოფობა და აღარ შეეძლო საკუთარი ხელით წერა, ჩანაფიქრს ქალიშვილს უკარნახებდა. კარნახით დაიწერა მოგონებები – "სამწუხარო ღიმი" და საარაკო განძი".

ოთხი წელი იავადმყოფა ვასილ ბარნოვმა. ამ ხნის განმავლობაში იგი შინიდან არ გამოსულა, თუმცა უქმად არ გაუტარებია ავადმყოფობის არც ერთი დღე, – ასწორებდა თავის ნაწარმოებებს, კითხულობდა, ქმნიდა ახალს.

 

ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წლის 4 ნოემბერს 78 წლის ასაკში. მას უკანასკნელ წუთებამდე შერჩა საღი აზროვნება და კეთილი გული.

1934 წლის 10 ნოემბერს ვასილ ბარნოვის ცხედარი მიიბარა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწამ.  

 

წყარო: მამია ჩორგოლაშვილი. – მთაწმინდა. – თბ. – 1991.