22 აგვისტო – დაიბადა მარიამ ლორთქიფანიძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:35:14

ლორთქიფანიძე მარიამ დავითის ასული _ ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი. დაიბადა ბათუმში 1922 წლის 22 აგვისტოს. 1943 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.

 

1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "თბილისის საამირო”. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი (მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, საშუალო სკოლის VIII კლასის ისტორიის სახელმძღვანელო). რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: "მატიანე ქართლისა”, სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა”. მისი თაოსნობით თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია 1996 წელს. არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. ეს უკანასკნელი მიენიჭა საქართველოს ისტორიის ნარკვევების II ტომში შესული IX-Xს.ს. ისტორიისათვის. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენი.

 

ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა "მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000”.

 

1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.