19 აგვისტო - დაიბადა მიხეილ მრევლიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:40:05

მიხეილ ნიკოლოზის ძე მრევლიშვილი დაიბადა 1904 წლის 19 აგვისტოს, ონში. ბავშვობა და ყრმობა კახეთში, მშობლიურ იყალთოში გაატარა.

მან საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა. 1924 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1928 წელს ამავე განხრით სწავლობდა მოსკოვში. მიხეილ მრევლიშვილი 1930 –1940 წლებში მუშაობდა მოსკოვის საამშენებლო ტრესტსა და საქართველოს "სოფლპროექტში”, სამამულო ომის წლებში მსახურობდა სამხედრო ჰოსპიტალში. იგი 1959–62 წლებში იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ხოლო 1962–1969 წლებში გაზეთ "ლიტერატურნაია გრუზიას” რედაქტორი.

 

 მიხეილ მრევლიშვილის პირველი რომანი "ინონი” გამოქვეყნდა 1926 წელს ჟურნალ "მნათობში”. მას დიდი პოპულარობა მოუპოვა რომანმა "ხარატაანთ კერა”, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა, ამ რომანში გამომჟღავნდა მწერლის ორგანული კავშირი ქართული კლასიკური პროზის ტრადიციებთან, მასში კრგად ჩანს სოფლის ცხოვრების ცოდნა.

 

მიხეილ მრევლიშვილს გამოქვეყნებული აქვს მოთხრობებისა და ნოველების კრებული "თბილისური ნოველები” (1960 წ.), რომანი "საბედისწერო მოსახვევი” (1964 წ.), რომელიც ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდის თემაზეა შექმნილი. ავტორია პიესებისა "ბედი მგოსნისა”, "მგზნებარე მეოცნებე”, "ზვავი”, "მოსალოდნელი დასასრული”.

 

მიხეილ მრევლიშვილი ძირითადად პროზასა და დრამატურგიაში მუშაობდა. მისის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე.

 

მიხეილ მრევლიშვილი გარდაიცვალა 1980 წლის 1 მარტს. დაკრძალულია თავისი ანდერძისამებრ, იყალთოს ეკლესიის ეზოში.

 

  

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია. – მწერალთა ბიოგრაფიები. – თბ. – 2004.