21 აგვისტო – დაიბადა გიორგი კვინიტაძე
დამატების თარიღი: 2013-03-11 11:36:12

კვინიტაძე გიორგი ივანეს ძე (1874–1970), გენერალი, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის კონსტანტინეს ქვეითთა სასწავლებელი, 1910 – გენ. შტაბის აკადემია.

 

I მსოფლიო ომში (1914–18) კვინიტაძე კავკასიის მე–4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი იყო. 1918 დეკემბერში საქართველო–სომხეთის ომში კვინიტაძე ქართული ჯარების შტაბის უფროსად დანიშნეს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ომის წარმატებით დამთავრებაში. 1919 თებერვალში კვინიტაძე ახალციხის ფრონტზე, ეგრეთ წოდებულ "სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის მთავრობასთან” ომში დაინიშნა სარდლად და ორთვიანი ლაშქრობა არტაანში უძველესი ქართული პროვინციების შემოერთებით დაასრულა. 1919 აგვისტოს კვინიტაძეს პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება დაევალა.

 

რუსეთ–საქართველოს 1920 ომის დროს, მაისში, კვინიტაძე მთავარსარდლად დაინიშნა, დაამარცხა საბჭოთა რუსეთის ჯარის ნაწილები და აზერბაიჯანის გასათავისუფლებლად ბაქოსკენ დააპირა შეტევის გაგრძელება, მაგრამ ამ დროს ზავი დაიდო რუსეთთან. 1920 ივნისში კვინიტაძე პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს აჯანყებულ ოსთა წინააღმდეგ და უმოკლეს დროში ჩააქრო ამბოხი. 1921 წლის 16 თებერვალს კვინიტაძე დაინიშნა მთავარსარდლად რუსეთ–საქართველოს ომში. მიუხედავად მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა (თბილისის დაცვა 1921, ხაშურის ოპერაცია) ომი მარცხით დასრულდა და კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა. საფრანგეთში ცხოვრების დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ. 2002 წელი