1 ნოემბერი – დაიბადა პავლე ინგოროყვა
დამატების თარიღი: 2013-03-18 09:57:35

პავლე იესეს ძე ინგოროყვა დაიბადა 1893 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა რამდენიმე კლასიანი სასწავლებელი. მისი მამა - იესე უბრალო გლეხი გახლდათ და თავს ხან დურგლობით, ხან კი მეთევზეობით ირჩენდა.

 

ხელი რომ არავის შეეშალა, პატარა პავლე სახლიდან იპარებოდა, გავიდოდა ნავით პალიასტომში, ნიჩბებს ხელს უშვებდა და მზის ჩასვლამდე კითხულობდა ხოლმე. მამა კი თურმე, ხშირად უჯავრდებოდა ბავშვს: "ამდენ კითხვას, ხანდახან მომეხმარეო".

 

1912 წელს, 19 წლის ასაკში იგი საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს მან პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

 

სტუდენტობის პრიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა მან თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს კი, პირველად გამოჩდა ქართული გაზეთების ფურცლებზე მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა".

 

სამწლიანი სწავლისა და სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1915 წელს პავლე ინგოროყვა საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ დიპლომი არ აუღია.

 

სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რითმით განაგრძო. იგი თურმე დღეების განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა წიგნებს, რათა ერთი გვერდი მაინც დაეწერა.

 

ასე გაგრძელდა მისი დანარჩენი სიცოცხლეც.

1916 წელს მან გამოსცა თამარ მეფის სამადლობელი საგალობელი "გალობანი ვარძიისანი".

1917 წლიდან იგი მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდა ეროვნული საბჭოს, შემდგომში პარლამენტის წევრი.

1918 წლის 26 მაისს მან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა დიდებულ მამულიშვილებთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1919 წლამდე იგი რჩებოდა ერვნული საბჭოს წევრად. ამავე წელს, იგი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და გამგეობის წევრი.

1923 წლამდე მისი სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. 1924 წელს კი დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". ამ პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ძირითადად მეცნიერულ ხასიათს ატარებდნენ, მაგრამ აქვე ვხვდებოდით პოლიტიკური შინაარსის წერილებსაც. ამ სტატიებმა, საბჭოთა ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვიეს. შესაბამისად, არც შედეგმა დააყოვნა და 1925 წელს პავლე ინგოროყვას გაზეთი აკრძალეს.

1928 წელს ინგოროყვას ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი".

ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში მან დაიწყო აქტიური მუშაობა ვეფხისტყაოსნისა და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია.

1929 წელს იგი დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. ინგოროყვას ეს თანამდებობა 10 წლის განმავლობაში ეკავა, რამაც, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

1936-1938 წლებში ის გახლდათ "დიდი საბჭოთა ენციკლობედიის" სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პავლე ინგოროყვა სასწაულებრივად გადაურჩა ოცდაათიანი წლების რეპრესიებს.

 

სამწუხაროდ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ იმსხვერპალა მისი მეუღლე, ქეთევან ბაქრაძე, რომელიც გადასახლებულ ძმაზე ნერვიულობას გადაყვა.

პ. ინგოროყვამ თავისი მოღვაწეობის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას. რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" 1926, "რუსთაველიანაზე" 1927 , "რუსთაველი და მისი პოემა" 1937, "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" 1940-1941 , "შოთა რუსთაველი" 1937, "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" 1953, ამასთანავე ინგოროყვამ ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" 1953 და 1971 წლებში.

 

1937 წელს თითქმის ოცწლიანი შრომის შედეგად, უძველესი ხელნაწერების საფუძველზე, პ. ინგოროყვამ დაასახელა შოთა რუსთაველის დაბადების წელი. ამავე წელს ლიტერატურის სამეცნიერო-საკვლევო ინსტიტუტის თაოსნობით, რომელსაც სათავეში თვითონ ედგა. მისი თაოსნობითვე გაიმართა უდიადესი გენიის 750 წლის იუბილე. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი, "გიორგი მერჩულე", რომელზეც იგი, თითქმის მთელი სიცოცხლეს განმავლობაში მუშაობდა.

 

1954 წელს გამოცემულ ამ ნაშრომში, ფაქტობრივად განხილულია v-x სს სასულიერო პოეზია, გამოაშკარავებული და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებანი. ამავე ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფრვა. "გიორგი მერჩულეს" დაბეჭვდისათვის გამომცემლობამ მეცნიერს ჰონორარი ვერ გადაუხადა, რადგან თანხის გაცემის შემხვევაში სტამბა კოტრდებოდა.

 

ძველი სანოტო სისტემის გაშიფრვას, მკვლევარმა ცალკე ნაშრომი უძღვნა, სადაც დეტალურად აღწერა ქართული მუსიკალური დამწერლობა. 1941 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, არა მარტო ჩვენში აღიარეს არამედ უცხოეთშიც. კერძოდ 1962 წლის 22 აგვისტოს ამ აღმოჩენას პარიზიდან, მიეძღვნა რადიო რეპორტაჟი და ძველი ქართული მუსიკა მსოფლიოს გასაგონად აჟღერდა.

 

პავლე ინგოროყვამ, სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი.

მან ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებსა და პოეტებს. 1938, 1940, 1951 წელს გამოსცა მონოგრაფიები: ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე და ნიკოლოზ ბარათაშვილზე.

 

1955 წლის 29 ივნისს ოთხმა აკადემიკოსმა: გოგლა ლეონიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონ ტაბიძემ და იოსებ გრიშაშვილმა მისი დაუზოგავი შრომის დასაფასებლად, მწერალთა კავშირს წარუდგინეს წერილი პავლეს სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მეგობრებს სურდათ, რომ იგი წარედგინათ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

ჭეშმარიტი პატრიოტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უდიდეს ყურადღებას უთმობდა საქართველოს ტერიტორიული და დემოგრაფიულ პრობლემებსაც.

 

მან შექმნა არაერთი ნაშრომი, სადაც საუბარია საქართველოს ტერიტორიებზე, საზღვრებზე, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ შემადგენლობაზე. მას ფუნდამენტური კვლევა ჰქონდა გაკეთებული აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო მას უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე.

იგი ფლობდა – ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძვ. ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევების წარმოებისას.

 

როგორც ვხედავთ, პავლე ინგოროყვამ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი სიცოცხლე და განვლილი გზა დაკავშირებული იყო მრავალ განსაცდელთან, ტრაგიკულ ამბებთან უბედურებებთან და ავადმყოფობასთან.

 

მიუხედავად ამისა, იგი ღრმა მოხუცებულობაშიც კი არ უშვებდა ხელიდან საწერ კალამს და უმნიშვნელოვანეს შრომებს უტოვებდა შთამომავლობას.

80 წელი ტუბერკულიოზით ნატანჯი მკვლევარი, 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

ქართველმა ერმა, გრანდიოზული სამგლოვიარო ცერემონიალით დაკრძალა, უდიდესი მეცნიერი და მწერალი. ქაშვეთის ეკლესიასთან დასვენებული მისი ცხედარი ტაძრის ზარების რეკვით დაიტირა ერმა.

 

საგულისხმოა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ სამგლოვიარო პროცესიას, რომელსაც პავლეს მეგობრის შვილი, ზვიად გამსახურდია ხელმღვანელობდა, უნივერსტეტისკენ მიმავალი გზა მოუჭრა.

 

მთავრობამ ხალხს არ მისცა უფლება, უნივერსიტეტში დაესვენებინათ.

 

საბოლოოდ, მისი ნეშთი დიდუბის პანთეონში შაოსანი ქალების პროცესიამ შეასვენა და იქვე დაკრძალა.

შთამომავლობამ მისი ღვაწლი ვერ დააფასა. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ლიტერატულურ საზოგადოებას ერქვა მისი სახელი.

ერთადერთი რაც გაკეთდა, ის არის რომ, იმ ქუჩას სადაც დიდი მეცნიერი თითქმის ყოველ დღე, თავისი უშველებელი პორტფელით დადიოდა, მისი სახელი ეწოდა.