10 ნოემბერი – დაიბადა კირიონ მეორე
დამატების თარიღი: 2013-03-15 12:30:10

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი) (10 ნოემბერი, 1855, ქვემო ნიქოზი, გორის რაიონი ― 26 აგვისტო, 1918, მარტყოფი), ქართველი მეცნიერი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წლებში.

წერდა "ივერიელი"-სა და "ნიქოზელი"-ს ფსევდონიმებით. 1876 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1880 - კიევის სასულიერო აკადემია. ამავე წლიდან დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 დაბრუნდა საქართველოში, მუშაობდა გორის, ქუთაისის და თბილისის სასულიერო სასწავლებლებში. 1896, მეუღლისა და შვილების გარდაცვალების შემდეგ, ბერად აღიკვეცა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1898 აკურთხეს ალავერდის, ხოლო 1901 - გორის ეპისკოპოსად. აქტიურად იბრძოდა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად, რის გამოც რუსეთის სასულიერო ხელისუფლებანი სასტიკად დევნიდნენ.

1902 გადაიყვანეს კამენეც-პოდოლსკში, 1903 - კოვნოში. 1908 ჩამოართვეს ეპარქია, გაგზავნეს ჯერ კურიაჟში, შემდეგ - სანაქსარის მონასტერში. 1912 გადაიყვანეს ხერსონში. 1915 დაუბრუნეს ეპარქიის მართვის უფლება და ვინებსკის ეპარქია ჩააბარეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აკურთხეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

კირიონ II ავტორია, ისტორიული, არქეოლოგიური და ფილოლოგიური ხასიათის გამოკვლევებისა. სხვა მრავალ საარქივო დოკუმენტთან ერთად მან მიაკვლია ისეთ უნიკალურ ზეგლებს, როგორიცაა პავლე მოციქულის ეპისტოლეთა ძველი ქართული თარგმანი და "კორიდეთის ოთხთავი"; აგროვებდა ძველ ხელნაწერებს, ქართულ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ძველ ქართულ მონეტებს.

1911 თავისი მდიდარი არქივი გადასცა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას. მისი ინიციატივით პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში დაარსდა აღმოსავლეთ ეკლესიათა ისტორიული კათედრა, რომელიც ქართული ეკლესიის ისტორიასაც სწავლობდა.

კირიონ II დიდ მზრუნველობას იჩენდა ქართველი ახალგაზრდობის მიმართ. მისი დახმარებით ორიოლის სასულიერო სემინარიაში 400-მდე ქართველი სწავლობდა. მის ხარჯზე 15 ქართველი სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და საზღვარგარეთ.

კირიონ II-მ დიდი ამაგი დასდო ქართული კულტურის პოპულარიზაციას რუსეთსა და უცხოეთში. მან ბევრ უცხოელ მკვლევარს გაუცხოველა ინტერესი საქართველოს წარსულისადმი.

დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში.