5 მაისი - 1891 წლის 5 მაისს თეკლათის დედათა მონასტერში აკურთხეს შემოწირული იკონოსტასის ხატები
დამატების თარიღი: 2013-03-04 16:17:43

თეკლათის დედათა მონასტერი

 

           ამა თთვის ხუთს თეკლათის დედათა მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა გურია–მინგრელიის ყოვლად სამღვდელო  გრიგორი, რომელმაც ამავე დღეს აკურთხა დეკ. დავით ღამბაშიძისაგან შემოწირული იკონოსტასის ხატები. ჩვენში ბევრმა არ იცის ზემოხსენებული დედათა მონასტრის დაარსების ისტორია და ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვა მოუთხრა მკითხველებს ამ მონასტრის დაარსების შესახებ.

            იმ ადგილს, სადაც ეს მონასტერია აღშენებული, ძველ დროში საზაფხულო სადგომები იყო ხოპის მონასტრის  განსვენებულ წინამძღვართა. მათ ჰქონდათ აქ პატარა სამლოცველო და საცხოვრებელი სახლი. სამლოცველო იყო ძალიან პატარა. ამ რამდენიმე წლის წინათ ამ ადგილას მარტო სამლოცველო დარჩა. 1865 წელში ზედა თეკლათის მთავარ ანგელოზის ეკკლესიის გალავანში დაბინავდა აწ უკვე განსვენებული სალომე თავდგირიძის ასული, რომელსაც თან ახლდა ერთი მონაზონი და ერთი მოსამსახურე. სალომე თავდგირიძის ასულმა აქ ააშენა ქვითკირის შენობა; შეკრიბა მონაზვნები და იწყეს მოღვაწეობა. მონაზვნები ღარიბულად სცხოვრობდენ, რადგან მათ ნივთიერი დახმარება არა ვისგან არ ეძლეოდა. ამ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სანამ სამეგრელოს ეპარქია არ მიეწერა დროებით იმერეთის ეპარქიას. შემდეგ იმერეთის ეპარქიაზე მიწერისა სამეგრელოში მობრძანდა მათი ყოვლად უსამღვდელოესობა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი; მისმა მეუფებამ დაათვალიერა როგორც პირველის ისე ამ ახალი მონასტრის ადგილები, შეიტყო მონაზვნების ღარიბული მდგომარეობა. მისმა მეუფებამ ურჩია თავდგირიძის ასულს იმ ადგილს გადასვლა, სადაც აგებულია დღეს თეკლათის დედათა მონასტერი. მწყემსთმთავარმა გაბრიელმა გაამხნევა მონაზვნები და აღუთქვა მათ შემწეობა. თავდგირიძის ასული, თანახმად ყოვლად სამღვდელო გაბრიელის ბრძანებისა, გადვიდა ნაჩვენებ ადგილზე, გაამრავლა მონაზონთა რიცხვი. გაუკეთა მათ ბინა და შემდეგ შეუდგა მზადებას მონასტრის აღსაშენებლად. რამდენიმე   წლის შემდეგ თავდგირიძის ასული გადაყვანილ იქნა მღვიმის დედათა მონასტერში ყოვლად სამღვდელოს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამ დედათა მონასტერში თავდგირიძის ასულის მაგიერ დარჩა გამგებლად და უფროსად იღუმენია ათანასია (სალაყაიას ასული) . დედა ათანასია გულსმოდგინედ შეუდგა მონასტრის ასაშენებლად საჭირო მასალის მოგროვებას, მან მიმართა სხვადასხვა პირებს და სთხოვა შემწეობა. გაგზვნა ორი მონაზონი გულქან და მაია შეწირულებათა შესაკრებად. ამ დედებმა თავის მეცადინეობით შეაგროვეს დიდძალი ფული მონასტრისათვის და სხვა მრავალი საჭირო ნივთი. ამავე დროს სხვა მონაზონნიც ცდილობდენ შეწირულებათა შეკრებას და მათი თავდადებული მეცადინეობის ნაყოფია დღეს ამ მშვენიერ ადგილს აგებული

დედათა მონასტერი, აშენდა ეკკლესია და მონაზონთა საცხოვრებელი სახლები.

            მონასტრის ეკკლესიის კურთხევის დროს აღმოჩნდნენ მრავალნი პირნი, რომელთაც მიაქციეს ყურადღება მონასტრის ნაკლულევანებას და, შეძლებისა გვარათ, არ დაიშურეს შეწირულებანი. სხვათა შემწირველთა შორის დეკ. დავით ღამბაშიძემ შესწირა მონასტერს კანკელის ხატები.

            ხუთს ამ მაისს, როგორც ზემოთა ვსთქვით, ამ მონასტერში სწირა ყოვლად სამღვდელო გრიგორიმ. წირვაზედ გალობდენ მონაზონნი და ყველაფერს საკითხავსაც ისინი კითხულობდნენ. განიცადენზედ მოკლე სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა ვასილ მხეცურიანმა.

 

ჟურნალი "მწყემსი", N9-10, 1–30 მაისი, 1891 წელი.