7 ივლისი – დაიბადა ჭოლა ლომთათიძე
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:53:16

ქართველი მწერალი და რევოლუციური მოღვაწე ჭოლა (ბიკენტი) ბიბონის ძე ლომთათიძე დაიბადა 1879 წლის 7 ივლისს ახლანდელი ჩოხატაურის რაიონის სოფ. ჭაჭიეთში. ჭოლა ლომთათიძემ ტანჯვა–წვალებით განვლო წუთისოფელი. იგი ჰგავდა სიმბოლისტთა პერსონაჟს, თუმცა სოციალ–დემოკრატი იყო და წმინდა ხელოვნება არ სწამდა. ჭოლას ცხოვრება ბრძოლასა და ტანჯვის ლეგენდაა: იგი იყო რევოლუციონერი, რსდმპ მე–4 და მე–5 ყრილობების დელეგატი, რუსეთის იმპერიის მე–2 სახელმწიფო სათათბიროს წევრი, მაგრამ 1907 წ. სათათბირო გარეკეს და ყველა სოციალ–დემოკრატი დეპუტატი დააპატიმრეს.

 

მას შემდეგ ჭოლა ლომთათიძეს თავისუფლება არ ჰღირსებია. ციხის ბნელში ჩაკეტილს ეჩვენებოდა, რომ ცოლი ჰღალატობდა. არადა – ეს ყმაწვილი ქალი, რომელიც ახალი შერთული ჰყავდა, წლების მანძილზე უკან დასდევდა პატიმრის ეტაპებს და ბინას იმ ქალაქში ქირაობდა, სადაც ჭოლა გადაჰყავდათ.

 

ბოლოს მაინც გამართლდა ჭოლას ეჭვი და ამან მთლად მოუთავა ხელი. მიუხედავად ამისა, უკრაინელი ებრაელი ქალი, ვინც ცნობილი მოღვაწე გახდა და მეგობრობდა ნადეჟდა კრუპსკაიასთან, სიკვდილამდე ატარებდა ლომთათიძის გვარს.

 

ჭოლა 1915 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა სარატოვის დავრდომილთა თავშესაფარში, ჭლექით სნეული და სასოწარკვეთილი, დღეში სამჯერ რომ ანთხევდა სისხლს. მხოლოდ სიკვდილის წინ გაიხსენეს იგი და ტრიუმფით დაკრძალეს, როგორც მეამბოხე. ათი ათასი კაცი მიჰყვებოდა მის ცხედარს კუკიის სასაფლაოზე. ჭოლას გარდაცვალებას მთელი იმპერია გამოეხმაურა.

 

ამ რევოლუციის რომანტიკოსმა საპყრობილის კედლებში შექმნა თავისუფალი სულის ლირიკული პროზა, წამოსწია პიროვნული "მე”, ფსიქიკური კონვულსიები სიკვდილის წინაშე მდგარი კაცისა, ვინც არ დაემონა ბედისწერას და რომაელივით მამაცურად დაეცა. ასეთი ჰეროიკა მსჭვალავს ჭოლა ლომთათიძის მოცახცახე სტრიქონებს, რომელთა საფუძველი იყო რევოლუცია, არა ესთეტიზმი ან მარადი კაეშანი. მისი საუკეთესო ნაწერები აღსავსეა ლირიკული ტირადებით, ასოციაციებით, მძაფრი განცდებით, რომელთაც პატიმარი გამოგვცემს, ოთხკედელშუა მომწყვდეული, მეოცნებე და გულგაპობილი – "სახრჩობელას წინაშე”(1907), "საპყრობილეში”(1909), "უბის წიგნიდან”(1910), "პირველი მაისი”(1911), "თეთრი ღამე”(1911).

ჭოლა ლომთათიძემ თავისი ბიოგრაფია, წუხილი და ოცნება აქცია პროზად, რომელსაც მისცა აღსარებისა და დღიურის ფორმა.

 

დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.

 

წყარო: სიგუა სოსო, "ქართული მოდერნიზმი", თბილისი, "დიდოსტატი", 2002 წ.