22 ივნისი – დაიბადა მიხეილ ქვლივიძე
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:30:46

ქვლივიძე მიხეილ გიორგის ძე (1925), პოეტი, თბილისის საპატიო მოქალაქე (1998). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1950). პირველი ლექსი 1945 გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული–1952. 1952–80 მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ თბილისთან კავშირი არ გაუწყვეტია, აქ იბეჭდებოდა პოეტის ლექსები, წიგნები.

 

თბილისშია გამოქვეყნებული მ. ქვლივიძის ძირითადი ნაწარმოებები: პოეტური კრებულები – "ლირიკა” (1956), "მოკითხვამდე” (1962), "დაბრუნება” (1966), "გაგრძელება იქნება” (1972), "შენთან ყოფნიდან უშენობამდე” (1982); ლექსების ერთტომეული (1994), "ჩურჩულით და ხმამაღლა” (1995), "ექო” (1995) და სხვ.,; პროზაული კრებულები: "ფიქრები... ფიქრები...”, "ლექსამდე და ლექსის შემდეგ”. თბილისს უძღვნა ლექსები: "თბილისი”, "თბილისის მონატრება”, "თბილისის მეციხოვნე”, "თბილისური ელეგია” და სხვ.

 

1998 კომპოზიტორმა ნ. კალანდაძემ თბილისობის დღესასწაულისთვის დაწერა სიმღერა, რომლის ტექსტია მ. ქვლივიძის ლექსი "სიმღერა თბილისზე”. გ. შავგულიძის ტრაგიკულ სიკვდილს, მის ხსოვნას მიუძღვნა ლექსი "კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს”. პროზაულ კრებულში "ფიქრები...ფიქრები...” შესულია ნოველა "ბავშვობის კუნძული”, რომელიშიც პოეტი ბავშვობის დროინდელ თბილისს იგონებს.

 

1993 მ. ქვლივიძეს მიენიჭა ი. მაჩაბლის სახელობის პრემია, ხოლო 1995 – გ. ტაბიძის სახ. პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1995).

 

 

 

წყარო: ქე, თბილისი, 2002.