20 ივლისი – დაიბადა სოფრომ მგალობლიშვილი
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:46:37

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი დაიბადა 1851 წლის 20 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ დირბში. 1867 წელს დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია.

 

მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1893–1897 წლებში ფოთში, საეპარქიო სამმართველოში. 1897–1910 წლებში სინოდის კანტორაში. იგი ხალხოსნური მიმდინარეობის მწერალია, რისთვისაც ორჯერ (1876 წელს და 1878 წელს) იყო დაპატიმრებული. სოფრომ მგალობლიშვილი თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედში", გაზეთში "ჩვენი დროება". 1913 წელს რედაქტორობდა გაზეთ "თემს".

სოფრომ მგალობლიშვილის შემოქმედებაში მშრომელთა ყოფა–ცხოვრებაა ასახული – "მთიული სოსე", "ღამის მეხრე ცეცო", "დედა მაია".  მათში ასახულია გლეხების უსასოო მდგომარეობა.

 

სოფრომ მგალობლიშვილი ხალხოსანი მწერლების მსგავსად, გლეხთა ბედუკუღმართობის მთავარ მიზეზად გაუნათლებლობას მიიჩნევდა. იგი თვითონ იღვწოდა სოფელში კულტურის შეტანისათვის.

 

სოფრომ მგალობლიშვილმა თავის ნაწარმოებებში ქართველი გლეხი ქალების საინტერესო სახეები შექმნა. მასვე ეკუთვნის მემუარული ხასიათის მოგონებები, ვრცელი ავტობიოგრაფიული მოთხრობა "წარსულიდან".

 

მას დიდი წარმატება მოუტანა საბავშვო ნაწარმოებებმა:"ყაყიტას ქურდი", "თინიას გიშერა", რომელთაც ყმაწვილები მონდომებით კითხულობენ. მისი მოთხრობები რამდენჯერმე გამოიცა ცალკე წიგნად.

 

სოფრომ მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 30 ნოემბერს. დაკრძალულია თბილისში.

 

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია.–მწერალთა ბიოგრაფიები.–თბ.–2004