26 ივლისი – დაიბადა სიმონ ჯანაშია
დამატების თარიღი: 2013-03-06 10:27:39

ჯანაშია სიმონ ნიკოლოზის ძე (1900–47), ისტორიკოსი, საქართველოს (1941) და სსრკ (1943) მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).

 

1922 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ი. ჯავახიშვილის წარდგინებით დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1936–41 იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) დირექტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ–ერთი დამაარსებელი, მისი პირველი ვიცე–პრეზიდენტი (1941–იდან) და მისი ორი ინსტიტუტის – ისტორიისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტების დირექტორი, 1943–იდან – ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. 1935–46 თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. 1926–იდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული ქართველთა ეთნოგენეზისი, კლასებისა და სახელმწიფო ჩამოყალიბების, ფეოდალიზმის გენეზისის საკითხები. ჯანაშიამ ახალი ეტაპი შექმნა ქართველთა ეთნოგენეზის პრობლემის კვლევაში ი. ჯავახიშვილის შემდეგ: წამოაყენა და დაასაბუთა მოსაზრება წინა აზიის მონათესავე სამყაროში კულტურულ და სახელმწიფოებრივი ცენტრების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადანაცვლებისა და ქართველთა ავტოქთონობის შესახებ. ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის უცხოურ წყაროების ცნობების ქართულად თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. მან არაერთი შრომა მიუძღვნა ქართული კულტურის ისტორიას, ისტორიულ გეოგრაფიულ საკითხებს. ჯანელიძე ხემძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა–ძიებებს საქართველოში, 1940–იდან სათავეში ჩაუდგა მცხეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. ჯანაშიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ისტორიის შესწავლაში, მის შრომებში გაანალიზებულია თბილისის გადედაქალაქების ისტორიასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები და ქალაქის შემდგომი ზრდის საკითხები. საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ტერმინ "კალას" განმარტებისათვის, ეხება ტერმინ "ავლაბრის" წარმომავლობის დადგენის საკითხს და ამასთან დაკავშირებით პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ "ავლაბარი, ისე როგორც ისანი, არაბული წარმოშობის ძველი სახელწოდებაა: "ისანი" ციხეს ნიშნავს, ხოლო "ავლაბარი" – სასახლის მიდამოს. ეს მოსაზრება შემდგომში გაიზიარეს თბილისის ისტორიის სხვა მკვლევარებმაც. ჯანაშიას რედაქციით გამოვიდა თბილისის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული – "თბილისი" (1947), სადაც ეკუთვნის ისტორიული ნარკვევები. გამოცემულია ჯანაშიას შრომების ოთხტომეული (1949–68). ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მუშაობას: იყო სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1943, 1947). ჯანაშიას სახელი მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ჯანაშიას სახელობის პრემია.

 

დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არის სიმონ ჯანაშიას ქუჩა.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ. 2002 წ.