11 აგვისტო – დაიბადა გიორგი ნიკოლაძე
დამატების თარიღი: 2013-03-12 11:39:01

ნიკოლაძე გიორგი ნიკოლოზის ძე (1888 – 1931), მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე. ნ. ნიკოლაძის შვილი.

 

დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1913). 1913–16 მუშაობდა ტულა–კოსაია–გორას თუჯის, იუზოვკის (დონეცკი) მეტალურგიულ ქარხნებში, 1916–18 ენაკიევოს მეტალურგიულ ქარხანაში. გამოჩენილ მეტალურგებთან – მ. კურაკოსა და ი. ბარდინთან ერთად მონაწილეობდა დონეცკის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.

 

1918 დაბრუნდა საქართველოში. 1929–30 თბილისში (დიდუბეში) ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ნიკოლაძეს მათემატიკაშიც, კერძოდ, ალგებრულ გეომეტრიაში. 1927 დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია, რომელიც შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას. დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა პარიზში, ნიკოლაძემ დაიცვა სორბონში (1928). შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები, რომელიც გამოიცა 1934, ნიკოლაძემ 1913 დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, 1918 კი – პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება თბილისში.

 

1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში. 1924 დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა–მგზავრობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში. ტექნ. დარგში საუკეთესო მეცნიერული ნაშრომისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააარსა ნიკოლაძის სახელობის პრემია (1973). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, დაწესებულია ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის ნიკოლაძის სახელობის გეომეტრიის კაბინეტი, II კორპუსში – მისი ბიუსტი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

 

წყარო: ქე.–თბილისი.–ენციკლოპედია.–თბ.–2002წ.