13 აგვისტო – დაიბადა ალექსანდრე ხომერიკი
დამატების თარიღი: 2013-03-11 12:21:00

ხომერიკი ალექსანდრე ავთანდილის ძე (დ. 1948) მომღერალი (ლირ. – დრამ. ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1985). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1995) და პ. ჩაიკოვსკის სახ. VII საერთაშორისო კონკურსის (მოსკოვი, 1982) ლაურეატი.

 

1971–74 სწავლობდა ბათუმში, მღეროდა ანსამბლ "ადილაში” (I პრემია საკავშორო კონკურსზე "ახალგაზრდული ხმები”). 1980 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. გოგიჩაძის კლასი). 1977–იდან (ჯერ კიდევ სტუდენტი) ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში. 1981–82 სტაჟირება გაიარა მილანის "ლა სკალაში”.

 

ხომერიკის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”, "დაისი”), ბერდო (რ. ლაღიძის "ლელა”), ლენსკი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი”, "იოლანტა”), ხოზე (ჟ. ბიზეს "კარმენი”), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა”), მანრიკო, რადამესი, ალფრედი, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის "ტრუბადური”, "აიდა”, "ტრავიატა”, "რიგოლეტო”, "ოტელო”) და სხვა.

 

ხომერიკს აქვს ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. 1993–იდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტია (მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, 1995). ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრის სპექტაკლში პრემიერაზე (1995) და ანტალიაში (თურქეთი) 1998 ბათუმის თეატრის გასტროლების დროს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

 

 

წყარო: ქე. – თბილისი ენციკლოპედია. – თბ. – 2002.