4 დეკემბერი – დაიბადა ნიკოლოზ ბარათაშვილი
დამატების თარიღი: 2012-12-21 11:58:52

ჩვენ დიდი ხანია თვალი მივაჩვიეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის რამდენიმე გამორჩეულ სურათს. თუმცა კი, ყველამ კარგად ვიცით, რეალური და უეჭველი მათგან არც ერთი არ არის.

 

ცნობილია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი (ფოტოგრაფირების ძველი ხერხი) ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს, გვარად დუბელირს გადასცა გასამრავლებად, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ხანძარი გაჩნდა, ეს ფოტოატელიეც გადაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა.

 

გიორგი თუმანიშვილმა სცადა, სურათი თავისი მამის მიხეილ თუმანიშვილის (1818 – 1975) არქივში მოეძებნა.

 

მან იპოვა ნახევარი თაბახი სქელი თეთრი ქაღალდი, რომელზეც ორი მამაკაცი იყო გამოსახული, ხელით მიწერილი ჰქონდა ინიციალები – "Н Б."

 

პოეტის თანამედროვეებმა სცნეს, რომ იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი იყო,  (სურ. 2) მაგრამ "არცთუ ისე მოსწრებული."

 

"თუმანიშვილისეული სურათი" ჯერ კიდევ  70–იანი წლების ბოლოს ხელთ ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. ჩანახატმა გაიარა ავტორიტეტული ექსპერტიზა და ამ სურათს არ მისცეს ვიზა დასაბეჭდად. მიუხედავად ამისა, თუმანიშვილისეულ ჩანახატს ნიკოლზ ბარათაშვილის სახის აღდგენის საქმეში მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან ცნობილია მისადმი პოეტის დების დამოკიდებულება.

 

მოსე თოიძე წერს, რომ ბარბარეს ამ ესკიზში  თავისი ძმა უცვნია და მიუხედავად პოეტთან მისი მცირე მსგავსობისა, მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს ჩანახატი ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

 

იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცულია წერილი სათაურით: "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტისათვის", რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მის მიხედვით პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტ. მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის , სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანის შვილის, კოტეს მოგონებას: "სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი." ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოს სურათი და ცდილობდა , ამ პორტრეტიდან შეექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახე.

 

ზაქარიამ ეს სურათი გადასცა იასონ ციციშვილს, მაგრამ მისმა პრიმიტიულმა ნახატმა ვერ დააკმყოფილა ზ. ჭიჭინაძე და მან ეს სურათი გადასცა ახალგაზრდა მხატვარს მანჯავიძეს... შემდეგ ეს ფანქრით ნახატი სურათი აჩვენა ნ. ბარათაშვილის მეგობრებს, რომელთაგან ზოგი წინ აღუდგა ასეთ მკვრეხელობას , ზოგმა კი შესწორება შეიტანა და მანჯავიძეს  მოუხდა, რამდენჯერმე შეესწორებინა სურათი. როგორც ჩანს, საზოგადოება თხოულობდა ლამაზი პოეტის სახეს და ეს სურათი მათთვის მიუღებელი იყო.

 

1904 წ. "მოგზაურის" რედაქტორმა ივ. როსტომაშვილმა ხელისმომწერთა შორის "ბარათაშვილის პორტრეტი" გაავრცელა. (სურ. 10) აღმოჩნდა, რომ ამ პორტრეტს საერთოდ კავშირი არ ჰქონდა ბარათაშვილთან – 1933 წელს "სალიტერატურო გაზეთში" დაიბეჭდა ი. ავალიშვილის მოგონება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პორტრეტის ისტორია გაირკვა. მასზე აღბეჭდილი პიროვნება აღმოჩნდა ალექსანდრე დავითის ძე ციციშვილი, იასონ ციციშვილის ძმა.

 

იასონ ციციშვილის მიერ პოეტის დის სახიდან შექმნილი ნახატი კი, როგორც ჩანს დაიკარგა და ზაქარია ჭიჭინაძე თავს იმართლებდა  "რა უშავს, რომ არა გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი? თუ არა გვაქვს, უნდა შევქმნათო."

 

ასეთივე დამოკიდებულება გაგრძელდა შემდგომ და ნიკოლოზ ბარათაშვილი დღევანდელ თაობას მზეჭაბუკად წარმოუდგენია.

 

1938 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავზე გაზეთებში დაიბეჭდა ლ. გუდიაშვილის მიერ შესრულებულიპორტრეტი.

 

ლადო გუდიაშვილის პორტრეტს საფუძვლად დის – სოფიოს პორტრეტი დაედო. მხატვარმა დღეისათვის დაკანონებული პორტრეტის შექმნამდე პოეტის სახის არაერთი ვარიანტი შექმნა. ერთ–ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე ძლიერ ჰგავს დას, დღემდე არსად არ დაბეჭდილა და უცნობია საზოგადოებისათვის (ინახება ლიტ. მუზეუმში). მაგრამ სახელმწიფო კომისიამ ამოარჩია ის პორტრეტი, რომელსაც ყველაზე მცირე მსგავსება აქვს ბარათაშვილის ნამდვილ სახესთან. (სურ. 6). 1955 წელს ლადო გუდიაშვილმა პოეტის ახალი პორტრეტი შექმნა, რომელსაც ჩემის აზრით, საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს ნიკოლოზ ბარათაშვილთან. (სურ. 7).

 

ბარათაშვილის პორტრეტის აღდგენის ყველაზე საიმედო გზა არის მისი თავის ქალის საშუალებით სახის აღდგენა. 1938 წელს დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენებისას შემოწმდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი და პოეტის ჩოჩხიც, მათ შორის ქალაც, რომელიც მთლიანად შენახული აღმოჩნდა. (სურ. 1).

 

ეს იდეა წამოაყენეს კიდეც 1956 წელს მაგრამ როცა ყველაზე მეტად აუცილებული იყო ნიკოლოზის ცხედრის შეწუხება, სწორედ მაშინ შეიკავეს თავი.

 

1997 წელს, პოეტის დაბადებიდან 180 წლისთავზე, საჭიროდ ჩავთვალე, დამელაგებინა თანამედროვეთა ცნობები პოეტის პორტრეტის შესახებ.დ. ყიფიანის მეუღლის მტკიცებით ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი დის, სოფიოს მსგავსება უდავოა. გვაქვს კი სოფიო სუმბათაშვილის სურათი? საბედნიეროდ გვაქვს, მათ შორის ისიც, სადაც სამივე და არის გამოსახული. ამ სურათისა და სოფიოს სხვა ცნობილი სურათებიდან, კომპიუტერული დამუშავებით ამოვიღეთ სოფიოს სახე, აგრეთვე ამოღებულ იქნა მეორე დის ნინოს სახე მოხდა მათი შერწყმა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, სრულყოფილ იქნა სოფიოს პორტრეტი, რომლის ბაზად მიჩნეულ იქნა სოფიოს სახე. სახის მხატვრულ დამუშავებას შეგნებულად ვარიდებდით თავს, თუმცა იძულებულნი გავხდით, გაგვეძლიერებინა შტრიხები, გავითვალისწინეთ დიმიტრი ყიფიანის მეუღლის ცნობილი წინადადება და მივიღეთ ბარათაშვილის ნანატრი სურათიც, სურათის მხატვრულ რედაქტირებას მაინც ვერ გავექეცით, რაც შეასრულა მოქანდაკე მარინა ივანიშვილმა (სურ.8).

 

საზოგადოებისათვის ძნელი იქნება უკვე დაკანონებული პორტრეტის გვერდით ჩვენს მიერ აღდგენილი სურათის მიღება. ეს გასაგებიცაა, იგი არ არის ისეთი მომხიბლავი , როგორიც გუდიაშვილის პორტრეტშია, მაგრამ, მოდით ერთად გავიხსენოთ იონა მეუნარგიას ცნობა: იმას (ბარათაშვილს) აკლდა ამისათვის (სიყვარულისათვის) ის ორი თვალთმაქცური გასაღები, რომლითაც შეიძლება ქალის გულში კარის გაღება – სილამაზე და სიმდიდრე. ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახისა, პირხმელი, შავი ცოცხალი თვალებით, წაბლისფერი თმებით, საშუალო ტანისა და სისქის, მისი წარბები ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისაკენ ამხელდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართა ჩამომავალს. წვერ–ულვაშს არ ატარებდა, რის გამოც მისი სახე, შორიდან ლაზათიანი, ახლოდან დაჭყანული იყო თურმე. ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დავუმატეთ, რომ ბარათაშვილი კოჭლი იყო, თქვენ სრულიად დარწმუნდებით, რომ პოეტს არ ჰქონდა აპოლონის მშვენიერება."

 

თან დავძენთ, რომ ჩვენი სურვილი იყო – შექმნილიყო პოეტის დების სახეებზე დაყრდნობით მწერლის ისეთი პორტრეტი, სადაც მხატვრული ჩარევა ნაკლები იქნებოდა (კომპიუტერული გრაფიკა ამის საშუალებას იძლევა). ხოლო მხატვრებს შემდგომში, სურვილის შემთხვევაში, გამოეყენებინათ ჩვენს მიერ მომზადებული მასალა პორტრეტისათვის.   ასეც მოხდა: წინამდებარე გამოცემისათვის მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა ჩვენს მიერ მიღებულ პორტრეტზე დაყრდნობით შექმნა პოეტის პორტრეტის ახალი ვარიანტი (სურ.9).

ვფიქრობთ, იგი მისაღები უნდა იყოს ქართული საზოგადოებისათვის.                                                                         

 

ლევან თაქთაქიშვილი

 

 

წყარო: ნიკოლოზ ბარათაშვილი ., თხზულებათა სრული კრებული., თბ., 2005.