11 ივნისი - დაიბადა მორის ფოცხიშვილი (1930)
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:55:06

მორის თომას ძე ფოცხიშვილი დაიბადა 1930 წელს ქალაქ თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

 

1959–1965 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნებაში". 1970 წლიდან იყო მწერალთა კავშირის ლიტერატურული კონსულტანტი, 1979–1982 წლებში ჟურნალ "ცისკრის" მთავარი რედაქტორი, ხოლო 1982 წლიდან იყო გამომცემლობა "ნაკადულის"დირექტორი.

მ. ფოცხიშვილის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1950 წელს, მას შემდეგ მრავალჯერ გამოქვეყნდა მისი კრებულები. მათ შორის აღსანიშნავია: "გული დაეძებს გულს", "ხმა", "რწმენა", "ცის გახსნა" და სხვა. 1981 წელს გამოვიდა პოეტის ერთტომეული.

                მორის ფოცხიშვილი ავტორია საბავშვო კრებულებისა: "ხარულა და ხარიხარა", "სიყმაწვილევ, შენთან ერთად" და სხვა. მის ლექსებზე ქართველმა კომპოზიტორებმა შექმნეს სიმღერები.

                მორის ფოცხიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც. მან თარგმნა ს. ესენინის, ნ. ტიხონოვის, ბ. პასტერნაკის, ა. ვოზნესენსკის, ე. ევტუშენკოსა და სხვათა ნაწარმოებები, უკრაინელ, ბელორუს და მოლდაველ პოეტთა ლექსები.

                მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მისი ლექსები გვიტაცებს ცხოვრების წინააღმდეგობების რეალისტური გადაწყვეტით. პოეტმა იცის, რომ ცხოვრება სიძნელეებთან და დაბრკოლებებთან გამუდმებული ჭიდილია. იგი შეჰხარის "სიცოცხლის იმ ესტაფეტას", რომელსაც თაობათა კავშირი ქმნის.

                მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა 1993 წელს.

                დაკრძალულია მცხეთაში დედათა მონასტრის ეზოში თავისი ანდერძისამებრ.

 

წყარო: მარინა გოგოლაძე–გაბუნია. – მწერალთა ბიოგრაფიები. – თბილისი. – 2004.