12 ივნისი – ილია ჭავჭავაძის პროსპექტზე დავით გურამიშვილის ძეგლი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:54:03

დავით გურამიშვილის ძეგლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოქანდაკის შემოქმედებით ცხოვრებაში. ამ ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში მხატვარს ხელოვნებაში საკუთარი გზით სიარულის უფლებამოსილების რწმენა უმტკიცდებოდა.

კომპოზიციური გადაწყვეტის თვალსაზრითით ძეგლი ძალზე სადაა. დ.გურამიშვილის მრავალჭირნახული ცხოვრების აურაცხელი სიუჟეტიდან მოქანდაკე ირჩევს მთავარს-პოეტური მუზის მსახურებას. მ.ბერძენიშვილი აქ სავსებით მისდევს მხატვრული "გაუცნაურების” კანონს და წარმოაჩენს როგორც პოეტის ხვედრის, ისე ძეგლის სახის ღრმად პირადულ გაგებას. ძეგლი ნამდვილად შეიძლება "უცნაური” მოგვეჩვენოს-სახის უკვდავყოფის თვალსაზრისითაც და ცნობიერებაში ფეხმოკიდებული მონუმენტის ესთეტიკური სტერეოტიპის თვალსაზრისითაც. დ.გურამიშვილს აცვია "უცნაური”, მისი დროის ზუსტად არმიმნიშნებელი სამოსელი, რომელიც პოეტის გამხდარ სხეულს თითქმის შიშველად წარმოგვიდგენს. მახვილი სკულპტურული აქცენტები-მხრების კუთხეები, იდაყვი, მაჯასთან მოკაკული ხელის მტევანი, წინ წამოწეული მუხლის ფორმა კომპოზიციას ნერვულ რიტმს ანიჭებენ. ქანდაკების ''ჯვრისებურობა'', ფიგურის ვიწრო პროფილი, რომლებიც მისი ''უსხეულობის'' ეფექტს აძლიერებენ, წარმოგვიჩენენ სამშობლოდან მოწყვეტილი, მამულის უბედობით გულდამძიმებული, მარტოსულობით გაწამებული, მაგრამ თავისი ლირის მადლით ადამიანთათვის სიხარულის მომნიჭებელი პოეტის ტრაგიკულ სამყაროს. ჩვენს წინაშეა შთაგონებული მგოსანი, მგზნებარე მოწამე, ვისი სულის ძალაც იწრთობა გულისა და გონების, სულისა და ხორცის ჭიდილში.