15 ივნისი – დაიბადა ბორის წიფურია
დამატების თარიღი: 2013-03-05 10:46:38

საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ბორის წიფურია დაიბადა 1933 წლის 15 ივნისს. იგი ქართული კინოს ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

მისგან განსახიერებულმა გმირებმა, ქვეყნის სხვადასხვა კინოსტუდიებსა თუ სატელევიზიო ფილმებში, მსოფლიო ეკრანები მოიარა და ყველგან დამსახურებული აღიარება ჰპოვა. მისი ნიჭიერება მოსკოვის მსოფლიო კინოფესტივალზე სპეციალურად აღინიშნა ქართული ფილმის "შერეკილების" ნახვის შემდეგ გამოჩენილმა იტალიელმა კინოვარსკვლავმა ჯინა ლოლობრიჯიდამ.

                ბ. წიფურიამ 1956 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1962 წლიდან კი იწვევენ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მისი, როგორც კინომსახიობის დებიუტი 1966 წელს შედგა რეჟისორ ი. ქავთარაძის ფილმში "თამაში უყაიმოდ". მას შემდეგ მრავალ ქართულ ფილმში მონაწილეობს, სადაც ოცდაათზე მეტი ეკრანული სახე შექმნა. განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანეს ხუტა ოდიშარიას როლმა "შერეკილებში", მეწისქვილემ "დათა თუთაშხიაში" და სელიმმა "მიზანში". ამ როლებში მთელი ძალით გამოჩნდა მსახიობის იშვიათი მონაცემები, მისი გარდასახვის საოცარი უნარი. თუ ხუტას როლში მან შექმნა წუწკი და თავნება პოლიციელის სახე, მისი მეწისქვილე დაბეჩავებული, შიმშილით გამცემლობამდე მისული ადამიანია, ხოლო ფილმში "მიზანი" მსახიობმა ადამიანის სულის უწმინდურ ჯურღმულებში ჩაგვახედა და მაყურებელში საშინელი სიძულვილი გამოიწვია მისი გმირის მიმართ.

                ბ. წიფურიას მიერ თეატრსა თუ კინოში განსახიერებული როლები მუდამ იწვევდა მაყურებელთა მოწონებასა და მაღალ შეფასებას. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია სახიერი დეტალების გონებამახვილური მიგნება, მთლიანი, უაღრესად კოლორიტული, მხატვრულად დასრულებული პორტრეტის გამოკვეთა.

ბ. წიფურიას შემოქმედებითი პალიტრა მრავალფეროვანი და განსხვავებულია, მაგრამ ყველა მის მიერ შექმნილ სახეს აერთიანებს გულწრფელობა, იუმორი, ეროვნული ტემპერამენტი, ემოციათა სიღრმე, მაღალი მოქალაქეობრიობა. მან 1972 წელს პირველ რესპუბლიკურ კინოფესტივალზე  პრიზი დაიმსახურა "კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის".

 

წყარო: შემდგენელი გელა ებანოიძე, "ბორის წიფურია", თბილისი, "ხელოვნება", 1987.