9 ივლისი – დაიბადა ზურაბ ლეჟავა
დამატების თარიღი: 2013-03-07 11:45:10

ლეჟავა ზურაბ პლატონის ძე - მხატვარი. დაიბადა 1925 წლის 9 ივლისს თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი.

 

1952-55 წლებში იყო ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკის" რედაქტორი, 1955-58 წლებში "დროშის" რედაქტორი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1958 წლიდან გრაფიკული დიაზაინის პროფესორია. იყო სამრეწველო გრაფიკის კათედრის გამგე. 1958-62 წლებში საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1962 წლიდან 1970 წლამდე კი მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა. იყო აგრეთვე სსრკ მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და მდივანი 1965-72 წლებში. საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა 1988 წელს, ღირსების ოდენის კავალერი (1995). დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

 

ზ. ლეჟავა არის ავტორი გრაფიკული და ფერწერული სერიებისა: "ძველი თბილისი", "სვანეთი", "იმერეთი" "უცხოური ჩანახატები", დ. კლდიაშვილის ნაწარმოებთა ილუსტრაციების, პეიზაჟების სერიებისა და სხვ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობაში მოხატა მონუმენტური კედლები "მომავლისათვის" (1977). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, სურათების გალერეაში.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 2002 წელს.

 

წყარო: თბილისის საპატიო მოქალაქეები. – თბ. 2006.