16 ივლისი – დაიბადა ავთანდილ მახარაძე
დამატების თარიღი: 2013-03-06 11:03:04

ავთანდილ მახარაძე დაიბადა ბათუმში 1943 წლის 16 ივლისს. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეტრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო).

 

1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. მიღებული აქვს ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრემია (1987), პრემია "ნიკა” (1987), თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი” (1993). მახარაძე სრულყოფილად ფლობს თანამედროვე აქტიორულ გამომსახველობით საშუალებებს. გამოირჩევა თამაშის საკუთარი მანერით. განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის "მზიანი ღამე”), ბუხუტი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადავბრუნდება”), ივანე გვერდევენიძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), პაპუნა პიტრიშიძე (შ. დადიანის "გუშინდელნი”), ჭიჭიკო გოგოლი (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა”), გრამოტკინი (ი. დვორეცკის "უცხო კაცი”), ბორის გოდუნოვი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი”), ტიბალტი (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა”) და სხვა.

მახარაძე მონაწილეობს ქართულ და საზღვარგარეთის კინოფილმებეში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და აბელ და ვარლამ არავიძეების ვირტუოზულად განსახიერებული როლებით (თ. აბულაძის ფილმში "მონანიება”).  

 

  

 

წყარო: ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. – თბ. – 2002.