9 ივნისი – დაიბადა კოტე მარჯანიშვილი (1872)
დამატების თარიღი: 2013-03-05 13:08:45

ნამდვილი დრამატიზმი, ჭეშმარიტი თეატრალობა, რომელიც გამოხატავს ჩვენს ცხოვრებაში იდეებისა და ხასიათების შეჯამებას, ცოცხალი ისტორიის დაძაბული კონფლიქტები, ტრაგედია, აი,–სად იყო ძლიერი მარჯანიშვილი.

 

მისი წარმოდგენის გმირები მუდამ მკვეთრად მეტყველნი იყვნენ. ის დაუზოგავად ხარჯავდა თავის წარმტაც ნიჭს, და მას შეეძლო ასე მოქცეულიყო, რადგან მისი შთაგონების წყარო უშრეტი იყო. მისი მუშაობა მუდამ მაღალი პოეზიით იყო გამსჭვალული, ახალგაზრდული, რომანტიკული პოეზიით, რომელიც შთაგონებული იყო სიცოცხლისადმი, ადამიანისადმი სიყვარულით. იგი მკაცრი იყო თავის თავისა და თავის ხელოვნებისადმი... იგი გვეუბნებოდა: "ნამდვილი დიდი ხელოვანი შეიქმნები მაშინ, როდესაც ყველაფერს დასთმობ ხელოვნებისათვის" და ის ყველაფერს სწირავდა ხელოვნებას, სწირავდა ისე, რომ თავისთვის არაფერს არ იტოვებდა.

 

არასოდეს არ დამავიწყდება მისი რეპეტიციები. მე ისინი უფრო მიყვარდა, ვიდრე მისი სპექტაკლები. რა ბედნიერებაა მსახიობისათვის,როდესაც იგი რეჟისორის თვალებში აღიბეჭდება... განა როდესმე დაგავიწყდება იგი, რეპეტიციების დროს სკამზე ცალფეხმორთხმული, ოდნავ წინ წახრილი, თვალებს ხარბად რომ მოგაჩერებდა და სკამთან ერთად შენკენ მოჩოჩავდა. ცდილობდა, რომ მის ყურადღებას შენი სულის არც ერთი მოძრაობა არ გამოპარვოდა. და თუ რამე მოეწონებოდა, ისე მღელვარედ გამოსთქვამდა თავის აღტაცებას, სიხარულის ცრემლები ბრწყინავდა მის თვალებში, მაგრამ თუ შენ ტყუილი, ყალბი იყავი, არ გაპატიებდა, გესლიანად დაგცინებდა და მაშინ შენ მას სძულდი... საჭიროა სწორედ მისი შემოქმედებითი ფანატიზმი, რათა ვისწავლოთ პრინციპულობა, ძალა მისი ლოღიკისა, გრძნობა პასუხისმგებლობისა თავის ხალხის, თავის სამშობლოსი და ისტორიის წინაშე.

 

 

ვერიკო ანჯაფარიძე

 

წყარო: ხუციშვილი ქეთევან, ჯანელიძე დიმიტრი.–კოტე მარჯანიშვილი.–თბ.–1959.