31 ივლისი – დაიბადა რობერტ სტურუა
დამატების თარიღი: 2013-03-05 14:30:45

რობერტ სტურუა (31 ივლისი, 1938, თბილისი). თეატრისა და კინოს რეჟისორი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი.რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა - ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი - მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

 

ახალგაზრდა რეჟისორის ტალანტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებში გამოჩნდა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს ხანუმა, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

 

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება "რობერტ სტურუას თეატრი”. პ. კაკაბაძის ყვარყვარეში რეჟისორი სვამს სცენას ბრეხტის პიესიდან არტურ უის კარიერა. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობს რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის რიჩარდ III (1979) და ბ. ბრეხტის კავკასიური ცარცის წრე (1975).

 

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერია სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის (1980), მ. შარპოვის ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის დაკრძალვა კალიფორნიაში (1983) და ა.შ.

 

1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, ცხოვრება სიზმარია, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.

 

1994 წელს სტურუა გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დგამს სპექტაკლს იაკობის სახარება. 1996 წელს იქმნება ლამარა, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული მერე რა, რომ სველია სველი იასამანი განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუა დგამს კ. გოცის პიესას ქალი-გველი. ამავე წელს მოსკოვში თეატრ "სატირიკონში" იდგმება სტურუას ჰამლეტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში «Et cetera» იდგმება შეილოკი (უ. შექსპირის ვენეციელი ვაჭრის მიხედვით).

 

სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.