შეხვედრა ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩთან
დამატების თარიღი: 2017-09-11 11:42:00

11 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა „ინტელექტისა" და გამომცემლობა „არტანუჯის" მოწვევით ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალთან და ჟურნალისტთან სვეტლანა ალექსიევიჩითან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ნობელიანტ მწერალს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი (მუზეუმი უახლოეს მომავალში გაიხსნება) დაათვალიერებინა. სტუმარი იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ ლიტერატურასაც გაეცნო.   

სვეტლანა ალექსიევიჩი 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში. მისი წიგნების უმეტესობა ქართულ ენაზე თარგმნილია. „ჩერნობილის ლოცვა", „ომს არ აქვს ქალის სახე", „სექენდ ჰენდის დრო", „ცინკის ბიჭები" - ამ წიგნებით სვეტლანა ალექსიევიჩმა მთელ მსოფლიოს აჩვენა თუ რას ნიშნავს დიდი იმპერიის ავტორიტარული რეჟიმი, როგორია უბრალო ხალხის ბედი ჩერნობილის ტრაგედიის, ავღანეთის თუ მეორე მსოფლიო ომის დროს და როგორია საბჭოთა ადამიანის ცხოვრება რეჟიმის ნგრევის შემდეგ. ბელარუსი მწერალი არც თანამედროვე მოვლენების მიმართაა გულგრილი. მის საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის ხმამაღალი კრიტიკა რუსეთში არსებული რეჟიმისა და რუსული იმპერიული მმართველობის შესახებ.

სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნების ქართული თარგმანები გამომცემლობა „ინტელექტისა" და გამომცემლობა „არტანუჯის" მიერაა გამოცემული.