ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2017-10-17 10:41:00

17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსი გაიხსნა (მისამართი: ს. ცინცაძის 63). ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

„ეს დღე საეტაპო დღეა. ეროვნულ ბიბლიოთეკას განახლებული, ულტრათანამედროვე კორპუსი აქვს, რომელიც ვახტანგ მეექვსის სახელს ატარებს. განახლებულ კორპუსში გაიხსნა ნოდარ დუმბაძისა და ბარბარე ჯორჯაძის დარბაზები. უახლოეს მომავალში კი გაიხსნება ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, გიგლა ფირცხალავას,  ალექსანდრე ქართველის,  მაქსიმე ბერძნიშვილის, ჯანრი კაშიას, ვახტანგ როდონაიას კაბინეტები" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ კორპუსს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა, რადგან ეს შენობა საქართველოს ამ გამორჩეული მეფის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნიდან მოყოლებული საქართველოში გამოცემულ ყველა ნაბეჭდ ერთეულს ინახავს. შენობის კედლები კი ვახტანგ მეექვსის მოღვაწეობის ამსახველი პანოებითაა გაფორმებული (მხატვრები: რ. სტურუა, ე. ჩაჩუა).

განახლებულ კორპუსთან ერთად გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტიც გაიხსნა, სადაც განთავსებულია მისი პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და ნახატების უნიკალური კოლექცია.