საუკუნის ბიბლიოთეკარი და “ცრუ'' Secret Santa
დამატების თარიღი: 2017-12-15 13:34:00

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცეს და ლეგენდარულ თანამშრომელს ლეილა ზამბახიძეს დაბადების დღე მიულოცეს.

გიორგი კეკელიძე: „ამას წინათ ბიბლიოთეკარებმა Secre tSanta-ს თამაში დაიწყეს. მე არ ჩავერთე და საგანგებოდ - დღეს ამ დიდებულ ქალს ვესტუმრე თანამშრომლებთან ერთად. ლეილა ზამბახიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდა, მალე ოთხმოცდაათი წლის გახდება. როცა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისვლას ვაპირებდი, უთქვამს, ალბათ, პენსიაზე გაშვების ბრძანება უნდა მომიტანოსო. ამ ბოლოს ცოტა ავადმყოფობს და შინ არის - ალბათ ამიტომაც იხუმრა ასე. თუ არ იხუმრა, ნათქვამი მაინც ხუმრობად დარჩება - ქალბატონი ლეილა, ჩვენი გადაწყვეტილებით, სულ მცირე, 105 წლამდე იმუშავებს ბიბლიოთეკაში. რადგან სანტა უნდა ვყოფილიყავი, ასეთი საჩუქარი მოვიფიქრე - ლეილა ზამბახიძე საუკუნის ბიბლიოთეკარის წოდების მატარებელია! ეს ქალი განა მხოლოდ ბიბლიოთეკის წარსული, მისი მომავალიცაა - შემართება გადამდები აქვს, ცოდნა და სიახლეებისკენ სწრაფვა - შესაშური. შეიხედეთ მის Facebook-გვერდზე და იოლად დარწმუნდებით. მაშ, ასე - დღეს ლეილას დღე იყო."