ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კაბინეტი გაიხსნა
დამატების თარიღი: 2018-03-01 16:29:00

1 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში (ს. ცინცაძის 63) ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) სახელობის კაბინეტი გაიხსნა. ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.   

კაბინეტი ორგანიზაცია ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით გაიხსნა.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა დიდი ავიაკონსტრუქტორის წვლილი აშშ-ს ავიაციის განვითარებაში. გიორგი კეკელიძის თქმით „ასეთი ადამიანი-ხიდები და მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობენ ურთიერთობების გაღრმავებას. ალექსანდრე ქართველის კაბინეტის გახსნა კიდევ უფრო განამტკიცებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს." კაბინეტი, სადაც ფოტომასალა და თვითმფრინავების მაკეტებია წარმოდგენილი მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ექსპონატებით და განსაკუთრებით საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის.

ალექსანდრე ქართველიშვილი დაიბადა თბილისში. 1914 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. 1922 წელს დაამთავრა პარიზის ავიაციის უმაღლესი სკოლა. 1927 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში, ნიუ-იორკში. მისი მონაწილეობით შეიქმნა თვითმფრინავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ალექსანდრე ქართველიშვილმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც შექმნა თვითმფრინავების არაერთი ცნობილი მოდელი. ავიაკონსტრუქტორი 1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ალექსანდრე ქართველს (ქართველიშვილს) მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი, არჩეული იყო აშშ-ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.