საბიბლიოთეკო კონფერენცია ”თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში”
დამატების თარიღი: 2012-09-25 12:38:00

საბიბლიოთეკო კონფერენცია "თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში" 

24-25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  გაიმართა საბიბლიოთეკო კონფერენცია "თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ბიბლიოთეკებში". ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს  ეროვნულმა ბიბლიოთეკამა და ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ (დიგიტალიზაციის მენეჯერი გიორგი აფრიდონიძე). კონფერენცია გაიხსნა 24 სექტემბერს 12:00 საათზე.

ღონისძიება  მიეძღვნა საქართველოს ბიბლიოთეკების მდგომარეობას და მისი განვითარების გზებს. კონფერენციაზე საუბარი იყო საბიბლიოთეკო და ფუნქციურად მასთან მიახლოებული ორგანიზაციების (ხელნაწერთა ინსტიტუტის, არქივების, კონსერვატორიის) ფონდების (წიგნების, გაზეთების, ჟურნალების, დისერტაციების, ხელნაწერების, ფოტოების, სანოტო და აუდიოვიზუალური ჩანაწერების) დიგიტალიზაციასა და ელექტრონული კატალოგების შექმნაზე; დაკომპლექტების ტრადიციულ წყაროებთან ერთად ინტერნეტ წყაროების გამოყენებაზე. განხილული იქნა ბიბლიოთეკების ახალი ტექნიკით აღჭურვის, კომპიუტერიზაციის, ახალი ტექნოლოგიების  და ქართული შრიფტების ამოცნობის პროგრამის დანერგვის საკითხი; საუბარი შეეხო ინტერნეტში ქართული მასალების განსათავსებლად საჭირო ერთიანი სტანდარტული, ინტერნეტთან თავსებადი შრიფტების შემუშავებას, ბიბლიოთეკების, მათ შორის, რეგიონალური, რაიონული და სასოფლო ბიბლიოთეკების მოდერნიზაციას, მათ ინფორმაციის, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტ-ცენტრებად გადაქცევას; ამ პროცესებში უნარშეზღუდული ადამიანების,  აფხაზი, ოსი (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის) და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, პრობაციონერების,  რიგითი მოქალაქეების ჩართვას, მათთვის მომზადების და გადამზადების კურსების შექმნას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტებმა, უნარშეზღუდულმა  ადამიანებმა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა.