ირმა შიოლაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-07-11 13:25:00

12 ივლისს 18:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ირმა შიოლაშვილის ლექსების კრებულის "ფოთლების ხიდის" პრეზენტაცია გაიმართება.

 

ლექსების კრებული "ფოთლების ხიდი" ითარგმნა გერმანულად და რამდენიმე ხნის წინათ გერმანიაში "კავკასიური ლიტერატურის" მესამე ტომად გამოიცა. "ეს ოცნებების წიგნია, წიგნი შინაგანი ხატ-სურათებით, რომელსაც მოგონებებთან, მონატრებასთან, გამოუთქმელ, მაგრამ არსებულ სურვილებთან აქვს მყარი კავშირი. ... ირმა შიოლაშვილს აქვს საოცარი, ახალი პოეტური ხმა, ხმა, რომელიც მომაჯადოვებელია და ამავდროულად ცნობილი, რომელიც გიჩენს სურვილს ღრმად შესცურო ამ უცნობ-ნაცნობი კულტურის ტალღებში" - წერს წინასიტყვაობაში გამომცემელი ული როტფუსი.

 

ირმა შიოლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ლიტერატურული პროგრამების მთავარ რედაქციაში წამყვანად. 1999 წელს გაემგზავრა გერმანიაში. 2005 წელს ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "პოლიტიკური ომისშემდგომი ლირიკა საქართველოსა და გერმანიაში". დღეს ცხოვრობს ბონში ოჯახთან ერთად. მუშაობს თავისუფალ ჟურნალისტად რეგიონალურ რადიოში (Bonn/Rhein-Sieg). უძღვება გადაცემებს ქართულ კულტურაზე. 2007 წლიდან არის ევროპულ მწერალთა გაერთიანება "კოგეს" წევრი. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: "არარსებული სიტყვა", "მოლურჯო თაღი", "ცრემლის ნაფეხური", "ფოთლების ხიდი". მისი წიგნები თარგმნილია რუსულ და გერმანულ ენებზე.

 

ღონისძიების ორგანიზატორია ეროვნული ბიბლიოთეკის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი.