სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესები

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესები

1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინფორმაციო დაწესებულებას, საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

მისი საქმიანობა განისაზღვრება კანონებით: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"; "საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"; "საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით", სხვა ნორმატიული და ადმინისტრაციული აქტებით.

2. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უფლება აქვს გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ სახელმწიფო და ბიბლიოთეკის ქონებას.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული სახელმწიფო და ეროვნული  ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა, მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის.

3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით, აწარმოებს ფონდების დროებით სარგებლობისათვის გაცემას სხვა ბიბლიოთეკებზე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში სარეზერვო-გაცვლითი ფონდიდან ხდება ფონდის გაცემა მისი გაცვლის ან გადაცემის მიზნით სხვა ბიბლიოთეკებისათვის.

4. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზები დიფერენცირებულია დარგობრივი და საგანმანათლებლო პრინციპებით. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის შესაბამის სამკითხველო დარბაზებში.

სხვა სამკითხველო დარბაზებში ფონდების გატანა დასაშვებია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე.

5. იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ქსეროასლის გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.

6.     რარიტეტული გამოცემები და საარქივო ეგზემპლარები გაიცემა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

მუხლი 2. ბიბლიოთეკის მკითხველის რეგისტრაცია

 მოქალაქეს, რომელსაც სურს ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებში დაცული მასალით, კატალოგებით, ელექტრონული რესურსებით, აუცილებელია ჰქონდეს ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული მკითხველის ბილეთი.

მკითხველის ბილეთის მიღებისთვის აუცილებელია- მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა (საცხოვრებელი ადგილის მისამართის აღნიშვნით).

მკითხველის ბილეთის ვადის გასვლის შემდეგ მკითხველს შეუძლია გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, რისთვისაც საჭიროა ვადაგასული ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

მუხლი 3. ბიბლიოთეკის მკითხველის უფლებები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს უფლება აქვს:

1. მიიღოს სრული ინფორმაცია და კონსულტაცია ინფორმაციის პირველადი წყაროების მოძიების, ფონდების, ფაქტოგრაფიული მონაცემების დაზუსტების საკითხებზე, ჩაატაროს საცნობო-ბიბლიოგრაფიული ძიება ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით (კატალოგი, კარტოთეკა, ელექტრონული რესურსი, ფონდი).

2. ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით.

3. მოითხოვოს გამოწერილი მასალის გადანახვა ათიდან ოც დღემდე ვადით. მასალის გადანახვის ვადას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.

4. გადაიღოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალის ასლები, რომლის გადაღების უფლებას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.

5. გამოიწეროს ერთდროულად არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეული. საბიბლიოთეკო მასალის მიწოდების დრო დამოკიდებულია ბიბლიოთეკის საცავში მასალის ადგილმდებარეობაზე და არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

6.  ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით სამკითხველო დარბაზებში მიიღოს ის გამოცემები, რომლებიც არ მოიპოვება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში.

7.  მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებით მიმართოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.

მუხლი 4. ბიბლიოთეკის მკითხველის ვალდებულებები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი ვალდებულია:

1. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას და გასვლისას წარადგინოს მკითხველის ბილეთი.

 მკითხველის ბილეთის წარდგენა საჭიროა მასალის მიღებისას.

2.  მასალის მიღების დროს გადაათვალიეროს იგი, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ მასალაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა აღნიშნული მასალით.

3.  გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ მასალას, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.

4.  მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს და მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას.

5.  დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები.

თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეაწუხებს სხვა მკითხველს და ბიბლიოთეკის თანამშრომელს.

აღნიშნული ქმედებისათვის ორჯერ გაფრთხილების შემთხვევაში, მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი ერთი წლის ვადით.

6.  თითოეული მკითხველი პასუხისმგებელია პირად ქონებაზე, მათ შორის ძვირფას ნივთზე, ჩანთაზე, მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქონების უმეთვალყურეოდ დატოვების ან დაკარგვის შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

პირადი ნივთის დაკარგვისას მკითხველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილებას.

7.  ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ყოფნისას დაიცვას ბიბლიოთეკის ადმინისტრციის მიერ დადგენილი ნორმები და ქცევის წესები.

8.  მკითხველს ეკრძალება:

ა) მკითხველის ბილეთის სხვისთვის გადაცემა ან სხვისი ბილეთით სარგებლობა.

ბ) საბიბლიოთეკო მასალების ბიბლიოთეკიდან ან სამკითხველო დარბაზიდან გატანა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე.

გ) წიგნის, გაზეთის, ჟურნალისა და სხვა ნაბეჭდი ერთეულების ბიბლიოთეკის შენობაში შემოტანა.

დ) ნებისმიერი სახის იარაღის, მათ შორის: ფეთქებადი ნივთიერებების, მჭრელი და ბასრი იარაღების, ნივთების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ვიდეო კამერების, სასმელების, საკვები პროდუქტების შემოტანა.

ე) ბიბლიოთეკის მკითხველთა, თანამშრომელთა და ფონდების უსაფრთხოების მიზნით: ჩანთა, დიდი ზომის კონვერტი, პარკი - ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების მიერ  ექვემდებარება შემოწმებას.

ვ) კატალოგებიდან და კარტოთეკებიდან ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების, ბარათების ამოღება.

ზ) შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა თამბაქოს მოწევისათვის საგანგებოდ გამოყოფილი ადგილებისა;

თ) სამკითხველო დარბაზებში მობილური ტელეფონით სარგებლობა.

მუხლი 5. მკითხველის პასუხისმგებლობა წინამდებარე წესების  დარღვევისათვის

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი 1 წლის ვადით. სახელმწიფო და ეროვნული ბიბლიოთეკის ქონებისთვის მიყენებული ზარალისთვის მკითხველი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
გენერალური დირექტორის 
ბრძანება # 12 2009 წლის 21 იანვარი