და დი დრ დღ
დაბ დაქ დახ

დახასიათება

ადამიანის, საგნის ან რაიმე მოვლენის განმასხვავებელი თვისებების ჩამოთვლა.

დახასიათება შეიძლება იყოს მხატვრული და არამხატვრული.
მხატვრულ დახასიათებას თვითონ მწერალი გვაძლევს. მხატვრულია ი. ჭავჭავაძის მიერ ლუარსაბისა და მისი კარ–მიდამოს მხატვრული დახასიათება. მხატვრულ დახასიათებაში მწერალი სარგებლობს მხატვრული გამონაგონით და მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით უხვად იყენებს მეტყველების პოეტურ ფორმას – ტროპებს, ფიგურებს, არ ერიდება გაზვიადებას და სხვ. არამხატვრულ დახასიათებაში ჩვენ ვითვალისწინებთ, უმთავრესად, მეცნიერულ და საქმიან დახასიათებას. მწერლის მიერ მოქმედი პირის დახასიათება (პირდაპირი ან არაპირდაპირი – მისი სულიერი ცხოვრების, მოქმედების, გარემოს, სხვებთან ურთიერთობის და სხვა საშუალებით) მხატვრულია, მაგრამ, როდესაც ჩვენ თვითონ ვახასიათებთ მწერლის პერსონაჟს ამავე მონაცემების საფუძველზე, მეცნიერულია.

ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებით ხშირად საჭირო ხდება მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათება. ასეთ შემთხვევაში მხატვრულ ნაწარმოებში, მოცემული მასალების მიხედვით, ჩვენ დახასიათების საშუალებით ვაცნობთ მკითხველს მოქმედი პირის გარეგნობას (პორტრეტს) და მის მთავარ ფსიქიკურ (სულიერ) თვისებებს. როდესაც ვახასიათებთ არსენა ოძელაშვილს ხალხური „არსენას ლექსის” მიხედვით, ჩვენ დასაწყისში განვმარტავთ მის ვინაობას (როდის ცხოვრობდა ან რით იყო ცნობილი) და ყურადღებას ვამახვილებთ მის სულიერ თვისებებზე. ხალხური არსენას მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო მამაცი, ხალხის მოყვარე, გამჭრიახი, უხვი, სულგრძელი და სხვ. ყველა ეს თვისება დასაბუთებული უნდა იქნეს თვით მხატვრული ნაწარმოებიდან მოყვანილი შესაფერი ადგილების საშუალებით. ამ შემთხვევაში დახასიათება ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა.

საქმიანი დახასიათება ზუსტი მნიშვნელობით გულისხმობს ამა თუ იმ მოქალაქის დახასიათებას მისი პირადი საქმის შესავსებად, ან რაიმე ორგანიზაციაში წარსადგენად გარკვეული მიზნით.
პოეტ ი. დავითაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ი. ჭავჭავაძე მას ასე ახასიათებს:

„საკვირველი თავმდაბალი; უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა, ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართული ლიტერატურისა და სიტყვიერებისა რაც კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს ათს–თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული ბევრი არა უწერია–რა, მაგრამ რაც კი დაწერა, იმათში ისეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს აზრითაც და სიტყვიერებითაც. აქეთ–იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა–კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს ნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორესპოდენციაც მოუწერია გაგონილისა და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის ხელოსნებს და სხვაგანა, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.”
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9