ევ ელ ეპ ექ
ეპი ეპო

ეპიგრაფი

ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას .

ეპიგრაფად გვევლინება მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ მხატვრული ნაწარმოების სათაურის ქვეშ, ან რომელიმე თავის დასაწყისში წამძღვარებული მინაწერი. ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობს” სათაურის ქვეშ ამბის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ასეთი ეპიგრაფი, ანუ მინაწერი:

„რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა”.

ეპიგრაფად უფრო ხშირად გამოყენებულია ხალხური ანდაზები, ნაწყვეტები ლექსიდან, მხატვრული პროზიდან, აფორიზმები და სხვ.

ი. ჭავჭავაძის პოემას „აჩრდილი” სათაურის ქვეშ ტექსტის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ტაეპები „ვეფხისტყაოსნიდან”:

„რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

ეს ეპიგრაფი დიდ დახმარებას გვიწევს „აჩრდილის” ძირითადი თემისა და იდეის გამოვლენის საქმეში.
მისი თემატიკა რთულია, მდიდარია, მრავალსახოვანია, მაგრამ პოემაში სამი საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას: საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი. დასახელებულთაგან კი ერთი გამორჩეულად ყურადსაღებია. იგი ავლენს მთავარ თემას და მასში ჩაქსოვილ პოემის მთავარ იდეას. ეს არის არა საქართველოს აწმყო, არა მისი წარსული, არამედ როგორც წარსულიდან, ისე აწმყოდან გამომდინარე საქართველოს მომავალი.

„საკვირველი არ არის, რომ მის (საქართველოს) წარსული, მისი აწმყო და მერმისი კვლევის და გამოძიების საგანი შეიქმნეს”, – წერდა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ მეცნიერული შესწავლისა და მხატვრული ასახვის მთავარი ობიექტი რომ საქართველოს მომავალია, ეს ფაქტი ილია ჭავჭავაძეს ბევრ თავის ლექსში აქვს გამოვლენილი:

„მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს”.

მეორე ლექსში „ჩემო კარგო ქვეყანავ” პოეტი თავის ქვეყანას და მკითხველს ამხნევებს:

„აწმყო თუ არა გვწყალობს,
მომავალი ჩვენია”.

იგივე იდეა გამოვლენილია ილიას „აჩრდილში” და ძირითად თემად საქართველოს მომავალია. სწორედ ამ მომავალზეა გადატანილი ყურადღება პოემის ეპიგრაფად გამოყენებულ ტექსტში. ეს კი გვიადვილებს პოემის თემისა და იდეის დაზუსტებას. „გლახის ნაამბობი” კი გვეხმარება გამოვავლინოთ მოთხრობის იდეა.
წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9