ევ ელ ეპ ექ
ეპი ეპო

ეპოსი

ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის პოზიცია დაფარულია. მწერალი არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით ლაპარაკობს საკუთარ განწყობილებათა შესახებ: ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია მოქმედ პირთა ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ სამყაროზე; მწერლის პირადი განწყობილება, მისი იდეა, ტენდენცია, მიზანდასახულობა ფარულად, თავისთავად, თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს მის მიერ მოთხრობილისაგან.

ეპოსი ბერძნულად თხრობას ნიშნავს. ეპიკურ გვარს შეიძლება ქართულად თხრობითი გვარი ვუწოდოთ.

საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს ამ მხრივ ჰომეროსის პოემები „ილიადა” და „ოდისეა”. ამ ვრცელ ნაწარმოებებში ავტორი არსად არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ილიადას” ავტორს არ ჰქონდეს საკუთარი განცდები თავის გმირთა საბედისწერო ბრძოლებისა და სახიფათო მოგზაურობის აღწერის დროს.

ილია ჭავჭავაძე „კაკო ყაჩაღში” მოგვითხრობს ღამის წყვდიადში მიმავალი მეურმის ნაღვლიანი სიმღერის შესახებ:
„ყველას ეძინა, დღით ფეთქავს რაცა!...
მხოლოდ კი ერთგან ურემი მძიმე
მიჭრიალებდა, გზას აღვიძებდა
და ნაღვლიანად მასზე მეურმე
მწუხარს სიმღერას დაჰღუღუნებდა”.

პოეტის ეპითეტებით თუმცა უშუალოდ გამოხატულია მეურმის განწყობილება, მაგრამ იმავე დროს ისინი, როგორც ყოველგვარი პოეტური ხერხები, წარმოადგენენ მასალას თვით ავტორის განწყობილების გასაცნობად; ხაზგასმულ ეპითეტებში მოჩანს ავტორის დამოკიდებულება მოთხრობილი ფაქტისადმი (ამ შემთხვევაში ბატონყმობისადმი), მისი განაჩენი ცხოვრების ამა თუ იმ მხარის შესახებ. ეპოსის ძირითადი თვისება მწერლის პიროვნების გარეშე არსებული სამყაროს გამოსახვაა.

„ყვავი, რომელსაც ეშოვა ხორცი, ერთ ხეზე ჩამოჯდა. დაინახა რა ეს მელამ და მოინდომა რა მისგან ხორცის გამორთმევა, დაიწყო მისი ქება: თუ რა ლამაზია, რა მშვენიერია იგი და რომ მას ყველაზე მეტად შეეფერებოდა ყოფილიყო ფრინველთა მეფე, რომ ეს კიდევ აუცილებლად მოხდებოდა, მას რომ ჰქონებოდა ხმა. ყვავმა, რომელმაც ხორცი გააგდო, მორთო ხმამაღალი ჩხავილი მელა კი ხორცს მივარდა და სთქვა: „ჰოი, ყვავო! შენ რომ ჭკუა გქონებოდა, მაშინ არაფერი შეუშლიდა ხელს შენს გამეფებას” – (ეზოპე)

ამ ნაწარმოებში არსად არ ჩანს ავტორი და მკითხველის ყურადღება გადატანილია მხოლოდ ავტორის გარეშე არსებულ მოვლენებზე – ყვავის სიბრიყვეზე და მელას ცბიერებაზე (მათი საშუალებით ადამიანთა მსგავს ხასიათსა და ყოფაქცევაზე). ავტორის საკუთარი განწყობილება ეპოსში, ჩვეულებრივ, შენიღბული ან დაფარულია. ავტორის ტენდენცია მისი დამოკიდებულება ზევით ასახული მოვლენისადმი, უშუალოდ შეუძლია გამოუმუშავდეს მკითხველსაც თვით ეპიკური ნაწარმოების შინაარსის საფუძველზე.
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9